112

2020 წლიდან ,,112“-ის მომსახურების საფასურს მოქალაქეების ნაცვლად სახელმწიფო დაფარავს

417
(განახლებულია 21:03 05.07.2019)
„112“‑ის მომსახურების  საფასურის გადახდა  სატელეფონო აბონენტებს 2011 წელს დაეკისრათ.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ  სატელეფონო აბონენტების ანგარიშებიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების  საფასურის  ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად ცნო,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასამართლომ აღნიშნული  გადაწყვეტილება დღეს მიიღო. უწყებას შესაბამისი   სარჩელით  „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფმა“ მიმართა.  

 „112“‑ის მომსახურების  საფასურის გადახდა  ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტებს 2011 წელს დაეკისრათ.

„112"–ის გადასახადი ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის შეადგენს  20 თეთრს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისთვის – 50 თეთრს.

„112" უზრუნველყოფს კოორდინაციას სასწრაფო დახმარებასთან, პოლიციასთან და სახანძრო სამსახურთან, ხოლო დაწესებული საფასური კი ემსახურებოდა „112“-ის ხარჯების ანაზღაურებას და მისი სერვისის თითოეული აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას

მოსარჩელე მხარის არგუმენტით, აბონენტს „112"-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ „112"-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო. 

როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „112"-ის საფასურის გადახდის სატელეფონო  აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება „112"-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას. ამავე დროს, საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი არის არა აბონენტის მიერ უშუალოდ „112"-ში საგანგებო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთება, არამედ ასეთი შეტყობინების გაკეთების შესაძლებლობის არსებობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა, „რათა სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, „112" დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისთვის“.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, თუ მთავრობა და პარლამენტი კონსტიტუციასთან მიმართებით  „112"-ის მომსახურების საფასურთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს მიმდინარე წლის ბოლომდე არ გამოასწორებს, „112"-ის გადასახდი ავტომატურად გაუქმდება.

417
თემები:
თბილისი დღეს (1309)