მიკროავტობუსი

2020 წლიდან თბილისში შეიძლება „მარშუტკით" მგზავრობა გაძვირდეს

138
(განახლებულია 19:00 05.06.2019)
ფრანგულმა კომპანიამ კვლევა ჩაატარა და ქალაქის მერიას 2020 წლისთვის სამარშრუტო ტაქსების შეცვლის რეკომენდაცია მისცა

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში „ყვითელი მარშუტკების" ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლების შემთხვევაში, შეიძლება მგზავრობის ღირებულება გაიზარდოს, წერს გაზეთი „რეზონანსი".

დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს. თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 0,8 ლარია, მოკლე მანძილზე კი 0,5 ლარი.

„2020 წლამდე დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს. ასეთია ფრანგული კომპანიის კვლევების შედეგები, რომლებსაც ელოდებოდნენ თბილისის მერია და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი", - წერს „რეზონანსი".

დედაქალაქის მერიამ ფრანგულ კოლსალტინგურ კომპანია Sistra-ს კვლევა დაუკვეთა, რომელმაც განსაზღვრა თუ როგორი უნდა იყოს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კვლევის ფარგლებში გაიცა რეკომენდაციები ახალი სამარშრუტო სქემისა და ტრანსპორტის შესყიდვის გეგმის შესახებ.

„შესყიდვების გეგმის თანახმად, ახალი მოძრავი შემადგენლობა საქართველოს დედაქალაქში 2020 წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდეს", - იუწყება „რეზონანსი".

მიკროავტობუსების ძველი შემადგენლობა სრულად შეიცვლება ახლით თუ მათი რაოდენობა შემცირდება, ჯერჯერობით უცნობია.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მგზავრობის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიზეზად იგი არაკონკურენტულ გარემოს ასახელებს.

„დღეს ტარიფს ბაზარი არეგულირებს. თბილისში სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ ერთი კომპანიაა, ამიტომ რაიმე სახის საბაზრო ფასზე საუბარი არ შეიძლება", - მიაჩნია სიმონიშვილს.

ექსპერტის მოსაზრებით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა, ძირითადად, ინფლაციის გამო შეიძლება მოხდეს და არა ქვეყანაში ახალი მიკროავტობუსების შემოყვანის გამო.

ამასთან, თბილისის ქუჩებში მოძრავი სამარშრუტო ტაქსების რაოდენობის შემცირება დედაქალაქის ხელისუფლების სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მიკროავტობუსებმა შეიძლება მხოლოდ იმ ადგილებში იმოძრაონ, სადაც დიდი ავტობუსები ვერ შეძლებენ გადაადგილებას. გარდა ამისა, თბილისის მერმა კახა კალაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ "ყვითელი" ავტობუსები და მიკროავტობუსები სავალალო მდგომარეობაში არიან, მათ ყველა რესურსი უკვე ამოწურეს და ამასთან, გამონაბოლქვით ძალზე აბინძურებენ ჰაერს.

138
თემები:
თბილისის მერია (73)