კალაძე მგზავრის როლში - თბილისში ახალი ავტობუსები გამოჩნდა

© photo: Tbilisi City Hall / FBКаха Каладзе в новом автобусе
Каха Каладзе в новом автобусе - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია ავტობუსების პარკს ეტაპობრივად განაახლებს, რამაც დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. თბილისში მწვანე ფერის 10-მეტრიანმა ავტობუსებმა  N85 და N95 მარშრუტებზე დაიწყეს მოძრაობა.

თბილისში MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მწვანე ავტობუსების პრეზენტაცია 8 მაისს გაიმართა.

დღეს N95 ავტობუსით თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა. მისი სიტყვებით, პირველ ეტაპზე შესყიდული 90 ერთეული ავტობუსიდან, 50 უკვე ქალაქშია.

კახა კალაძე 10-მეტრიანი ავტობუსის საჭეს მიუჯდა>>>

ორშაბათიდან მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ N95 მარშრუტზე მგზავრებს ახალი რვა ავტობუსი გადაიყვანს, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი განაწილდა.

„რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, რომ მოვაწესრიგოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 220 ახალი 8-მეტრიანი ავტობუსი", - აღნიშნა კალაძემ.

ავტობუსები აღჭურვილი იქნებიან კონდიციონერებითა და ვენტილაციის სისტემებით, ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, USB დამტენებით, უსადენო ინტერნეტით. კალაძემ აღნიშნა, რომ ავტობუსები იმოძრავებენ დიზელის საწვავზე „ევრო-6", ისევე, როგორც ევროპის მრავალ ქალაქში.

ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო
დამატებითი თანხები ავტობუსების შესაძენად: რამდენით გაიზრდება თბილისის მერიის ბიუჯეტი

ამასთან, 23 მაისიდან ახალი ავტობუსებით შეიცვლება N50 (8 ახალი ავტობუსი), N55 (10 ავტობუსი) და N71 (9 ავტობუსი) მარშრუტებზე მოძრავი ძველი „ბოგდანები". სამივე მარშრუტი დედაქალაქის გარეუბნებს ბარათაშვილის ქუჩასთან აკავშირებს. გარდა ამისა, იცვლება მათი მარშრუტიც - ავტობუსები გორგასლის ქუჩიდან აუხვევენ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, გაივლიან თავისუფლების მოედანს და ბარათაშვილზე „კონკასთან" გაჩერდებიან.

ამასთან, ახალი ავტობუსები მოგვიანებით გადანაწილდება N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე.

უკრაინული „ბოგდანის" მარკისა და იაპონური კომპანია Isuzu-ს ავტობუსები საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით უკვე 11 წელზე მეტ ხანს გამოიყენება. აღნიშნულ ავტობუსებს ყველა რესურსი აქვთ ამოწურული, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან, გარდა ამისა გამონაბოლქვით ძლიერ აბინძურებენ ჰაერს.

ამჟამად დედაქალაქში 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან ახალი, MAN-ის მარკის ავტობუსია 143. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტობუსები დღეში საშუალოდ 109,5 ათას კილომეტრს გადიან და ჩერდებიან 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0