„ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა" – პრემიერი პედაგოგების ხელფასების შესახებ

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფოს განვითარებასა და განათლების დონეს შორის პარალელი გაავლო.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუღებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ დღეს ქვეყანაში პედაგოგებს დაბალი ანაზღაურება აქვთ და ვითარების გამოსწორების პირობა დადო.

საქართველოში გაცემულ დიპლომებს და მინიჭებულ კვალიფიკაციებს მალე ევროპაში აღიარებენ>>>

დღეისათვის სახელმწიფო სკოლებში პედაგოგების საშუალო ხელფასი 1 ათასი ლარია, ქვეყანაში კი საშუალოთვიური ხელფასი, 2018 წლის მონაცემებით, 1124 ლარი.

„ჩემთვის ძალიან მძიმეა იმის მოსმენა და სტატისტიკაში დანახვა, რომ პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა", – განაცხადა ბახტაძემ განათლების თემაზე გამართულ სემინარზე.

საქართველოში ამ დროისთვის განათლების რეფორმა ხორციელდება. პრემიერის ინიციატივით იგეგმება მშპ-დან 6%-ის, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედის მიმართვა ამ სფეროზე. "ეს იქნება ვალდებულება ნებისმიერი მთავრობისთვის შემდეგი ათწლეულების განმავლობაში", – აღნიშნა ბახტაძემ.

„რეფორმის ერთ-ერთი მიზანი, ბუნებრივია, იქნება, რომ პედაგოგი, როგორც პროფესია, საქართველოში დაფასებული და პრესტიჟული იყოს. ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ საზოგადოებას თუ სახელმწიფოს, სადაც პედაგოგის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, არა თუ მომავალი არ ექნება XXI საუკუნეში, არამედ მან შეიძლება თავისი წარსულიც და ფასეულობებიც დაკარგოს. განათლება არის ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ", – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ბატიაშვილი - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო რეფორმების შესახებ საზოგადოებას ყოველკვირეულად მიაწვდის ინფორმაციას

ბახტაძემ სემინარზე „მასწავლებელი – გზამკვლევი ევროპისკენ" აღნიშნა, რომ განათლება – ეს არის გზა თავისუფლებისკენ, ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნის ფორმირებისკენ. მისი სიტყვებით, განათლების დახმარებით შესაძლებელი იქნება ყველა იმ გამოწვევის გადალახვა, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველო.

ადრე პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია პედაგოგების საშუალო ხელფასის 1,5-1,8 ათას ლარამდე გაზრდა.

განათლების რეფორმა ოთხ წელზეა გათვლილი და იგი ხუთივე დონეს შეეხება – სკოლამდელს, სასკოლო, პროფესიულ, უმაღლეს და სამეცნიერო განათლებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0