ვინ გამოიყვანა მერაბიშვილი საკნიდან? პროკურატურა ექს-მინისტრს გამოკითხავს

გამოწერა
მერაბიშვილის ადვოკატმა შესაბამისი წერილობითი შუამდგომლობით საქართველოს პროკურატურას მარტის ბოლოს მიმართა.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილს 2013 წელს მისი საპატიმროდან გაყვანის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს ოთხი ათასი ევრო გადაუხადა>>>

ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2018 წლის 12 ივლისს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახლდა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის ნოემბერში "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმესთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ექს-პრემიერის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო როგორც მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალება. სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა, ასევე მერაბიშვილის თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გამოყვანის ფაქტის გამოძიება დაავალა.

მერაბიშვილს პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ. ექს-მინისტრი N9 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
ექს-პრემიერი ციხეში რჩება – რატომ ეთქვა უარი მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე

მერაბიშვილის ადვოკატმა შესაბამისი წერილობითი შუამდგომლობით საქართველოს პროკურატურას მარტის ბოლოს მიმართა. იგი მნიშვნელოვნად თვლის დადგინდეს, შეძლებს თუ არა ექს-მინისტრი იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც იგი საპატიმროდან გაიყვანა.

პროკურატურამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მერაბიშვილს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება ორჯერ ჩამოართვეს – 2014 წლის 3 იანვარს და 2016 წლის 24 ივნისს.

„ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები", – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მერაბიშვილის თქმით, 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით იგი მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად წაიყვანეს, რომელიც მერაბიშვილისგან მუქარით ითხოვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საქმის გახსნაში დახმარებას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების წარდგენას.

მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, "საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია "იმედის" დარბევას ეხება.

მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის თებერვალში უწევს.

ყველა ახალი ამბავი
0