საბავშვო ბაღი

მშობელთა საყურადღებოდ: თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია მალე დაიწყება

106
(განახლებულია 14:08 06.05.2019)
თბილისში ივლისში 40 საბავშვო ბაღი იმუშავებს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისში სახელმწიფო საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

იმ ოჯახებს, რომლებსაც ბავშვები ვერ გაჰყავთ ქალაქიდან, შეუძლიათ ისარგებლონ საზაფხულო საბავშვო ბაღების მომსახურებით, რომლებიც ქალაქის თითოეულ რაიონში იფუნქციონირებს.

თბილისში სახელმწიფო საბავშვო ბაღების მუშაობა 28 ივნისს დასრულდება. ამის შემდეგ ივლისში 40 საბავშვო ბაღი იმუშავებს. თუმცა, იქნება გარკვეული ცვლილებები ბაღების ჩამონათვალში, რაც სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია მაისში დაიწყება. რეგისტრაციის თარიღის, წესებისა და სიახლეების თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია ცნობილი სამშაბათს გახდება. 2018 წელს საზაფხულო საბავშვო ბაღებმა 13 ათასზე მეტი აღსაზრდელი მიიღეს.

რაც შეეხება ახალი სასწავლო წლისთვის სახელმწიფო საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციას, იგი ივნისში დაიწყება. პირველ ეტაპზე ბაღებში ჩაირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები და ის ბავშვები, რომელთა და ან ძმა იმავე ბაღის აღსაზრდელია. მომდევნო ეტაპზე კი ბაღში ყველა დანარჩენი მსურველი შეძლებს დარეგისტრირებას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

თბილისში 180 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.

106
თემები:
თბილისი დღეს (1069)