საგამოცდო დარბაზი

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტებისთვის ეროვნული გამოცდები მარტივდება

89
(განახლებულია 18:02 17.04.2019)
ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, ასევე გათვალისწინებულია მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც. გარდა ამისა, მოსამზადებელ ცენტრში სწავლისას აბიტურიენტები 150 ლარის ოდენობით სტიპენდიასაც მიიღებენ.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა, აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბახტაძემ გაეროს წევრებს საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივა გააცნო>>>

პროგრამის მიზანია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების შეთავაზება და მათი კარიერული და პიროვნული ზრდისთვის ხელშეწყობა. თსუ-ს გარდა პროგრამა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტშიც განხორციელდება.  

2019 წელს აღნიშნულ პროგრამაზე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 70 მათგანი კურსს თსუ-ში გაივლის, 72 კი შოთა მესხიას უნივერსიტეტში. აბიტურიენტების დიდი ნაწილი გალის რაიონიდანაა.

„თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვდგამთ კიდევ ერთ ძალიან კონკრეტულ და რეალურ ნაბიჯს უკეთესი მომავლისკენ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ. თქვენ იცით, რომ სამშვიდობო გეგმით მთავრობის არაერთი ინიციატივაა გათვალისწინებული", – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

უწყების ცნობით, ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, ასევე გათვალისწინებულია მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც. გარდა ამისა, მოსამზადებელ ცენტრში სწავლისას აბიტურიენტები 150 ლარის ოდენობით სტიპენდიასაც მიიღებენ.

დარეგისტრირებული აბიტურიენტების დიდი ნაწილი 2019-2020 სასწავლო წლიდან თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გააგრძელებს სწავლას.

აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან აბიტურიენტების სამთვიანი მოსამზადებელი კურსი 17 აპრილს დაიწყო და 19 ივლისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აბიტურიენტები მომზადებას ინტენსიურ რეჟიმში გაივლიან, რის შემდეგაც ორ გამოცდას ჩააბარებენ და ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე სწავლას მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ.

ამავე წლის სექტემბრიდან კი მომზადების სრული, ერთწლიანი კურსი შევა ძალაში.

აღნიშნული პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შემადგენელი ნაწილია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და საქართველოს მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ამოქმედდა.

საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

89
თემები:
განათლება საქართველოში (38)