თბილისის სკოლის მოსწავლეები აზარტული თამაშებით არიან გატაცებული – კვლევა

გამოწერა
18 წლამდე პირებს საქართველოში ოფიციალურად ეკრძალებათ სამორინეში შესვლა და სათამაშო აპარატებზე თამაში.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თბილისში მოსწავლეთა 48% აზარტული თამაშებითაა გატაცებული მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით აკრძალულია. ასეთია „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ გამოკითხვის შედეგები, რომლებიც თბილისში პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდა.

დღეისათვის საქართველოში სამორინეში არ უშვებენ 21 წლამდე მოქალაქეებს, სათამაშო აპარატების სალონებში კი 18 წლამდე პირებს. ამ უკანასკნელთ ეკრძალებათ ასევე ლატარიის თამაში. თუმცა, კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეები აზარტულ თამაშებს ონლაინ-კაზინოებში მაინც თამაშობენ.

სათამაშო აპარატები - Sputnik საქართველო
პარლამენტმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

გამოკითხვაში, რომელიც თბილისის ყველა რაიონის 10 სკოლაში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 14-დან 18 წლამდე ასაკის 500-მა ვაჟმა (55%) და გოგონამ (45%). აღნიშნული „ცენტრის“ დამფუძნებლის გუგა ბესელიას თქმით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ასაკთან ერთად იზრდება. მაგალითად, აზარტულ თამაშებში ჩართულობის მაჩვენებელი 15-დან 18 წლამდე მოსწავლეებში 59%-ია. ცენტრის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მათ საკმაოდ მძიმე ვითარება დახვდათ სხვადასხვა სკოლაში, განურჩევლად რაიონისა.

საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტ-კაზინოში დარეგისტრირება, შემდეგ კი თამაშის დაწყება ასაკისგან დამოუკიდებლად, ვინაიდან არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამას არეგულირებს, აღნიშნა ბესელიამ.

კვლევის თანახმად, მოსწავლეები ონლაინ-კაზინოების შესახებ ძირითადად ინტერნეტ-რეკლამიდან იგებენ. პრობლემაა ასევე სკოლების მახლობლად განთავსებული აზარტული თამაშების რეკლამები, აღნიშნა ბესელიამ.

ორგანიზაცია უახლოეს მომავალში აპირებს კანონპროექტის შემუშავებას, რომელიც ორ თემას შეეხება: პირველი – ონლაინ-კაზინოების პოპულარიზაციის მიზნით აგრესიული მარკეტინგული კამპანიის აკრძალვა; მეორე – ონლაინ-კაზინოებისთვის სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფა, რათა მათ შეძლონ ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებული პირების ასაკის გაკონტროლება პირადობის მოწმობის მიხედვით.

სათამაშო აპარატები - Sputnik საქართველო
კაზინოს დამსგავსებული ქვეყანა ანუ აზარტული თამაშების გამო აღებული კრედიტები

საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში პირველივე მოსმენით არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. შესწორებები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ექვსმა დეპუტატმა შეიმუშავა და წამოაყენა. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ცოტა ხნის წინ პარტია დატოვა.

კანონპროექტს აუცილებელი 63-ის ნაცვლად 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ძირითადი შესწორებები უნდა შესულიყო კანონში „რეკლამის შესახებ“. სხვა დანარჩენთან ერთად წამოყენებული იყო აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის წინადადება ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტითა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. გამონაკლისი იქნებოდა მხოლოდ ამ დაწესებულებების მითითება სპონსორების სახით და მათი ლოგოტიპის დემონსტრირება. კანონპროექტის თანახმად, ასევე უნდა აიკრძალოს თამაშის მსვლელობის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირება.

შესწორებების მიღება იგეგმებოდა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ზემოხსენებული ნორმების დამრღვევები დაჯარიმდებოდნენ 10 ათასი ლარით.

ყველა ახალი ამბავი
0