გაკვეთილი

განათლების მინისტრი: პრიორიტეტი ქართული სკოლის მოდელის შექმნაა

98
(განახლებულია 12:41 20.03.2019)
მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და ეროვნული ღირებულებების გათვალისწინების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს სკოლებში სწავლება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული ღირებულებების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

საქართველოში პედაგოგების ხელფასი შეიძლება სამჯერ გაიზარდოს>>>

განათლების სამინისტრო „ახალი სკოლის მოდელის" დანერგვას აანონსებს, რაც ითვალისწინებს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც თითოეულ მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს და უზრუნველყოფს მას ისეთი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა XXI საუკუნეში. ამისთვის, მაგალითად, დაგეგმილია, რომ პედაგოგებმა მეტი დრო დაუთმონ შემოქმედებას და არა ბიუროკრატიას. ყველა პედაგოგი გაივლის შესაბამის გადამზადებას.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილება, იქნება ეს ფინეთი, სინგაპური, კორეა თუ სხვა, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი მოდელი, ჩვენ ეროვნულ ღირებულებებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე მორგებული. უნდა შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია ქართული რეალობა და სპეციფიკა", – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წელს პირველკლასელები გაცილებით უფრო კარგი ტექნიკური მახასიათებლების მქონე კომპიუტერებს მიიღებენ. გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც კომპიუტერებით, ისე უკაბელო ინტერნეტით.

ბატიაშვილმა 2022-2023 წლებისთვის სკოლებში ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარების აუცილებლობა ხაზგასმით აღნიშნა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხი წელი გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი გახდეს.

 

98
თემები:
განათლება საქართველოში (279)
ბათუმის პორტი

ბათუმში ხვალ აქცია გაიმართება - რას აპროტესტებენ ორგანიზატორები

10
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნების  დაკმაყოფილების შედეგად ტერმინალის მშენებლობის პროექტი მაქსიმალურად უსაფრთხო  გახდება

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ხვალ ბათუმში მერიის გვერდით დაგეგმილია აქცია, სადაც საზღვაო ნავსადგურში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე" და „ჩემი ბათუმი".

აქცია 16 აგვისტოს, საღამოს 19:00 საათზე ბათუმის მერიის გვერდით ე.წ. ვარდების სკვერში გაიმართება.

„ჩვენ მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ მაქსიმალურად უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და პოტენციური ტრაგედიის 100% ით განეიტრალება! აშენებულის დანგრევის იდეას აქციის ორგანიზატორები ვემიჯნებით, რადგან არსებობს გამოსავალი ყოველგვარი ნგრევის გარეშე თუ დაკმაყოფილებული იქნება ჩვენი მოთხოვნები“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, დაბრუნდეს  ამ პროექტის განხილვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ასევე,  უპირობოდ  იქნას ამოღებული  იმ ფეთქებადი და ძლიერ მომწამლავი ნივთიერებების გადაზიდვა, რომელიც აღნაგობის ხელშეკრულებაშია ჩაწერილი 14 დან მინიმუმ ორი: ამონიუმის სელიტრა და კარბამიდი იგივე შარდოვანა.

მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის მომზადებაც.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ამ მოთხოვნების  დაკმაყოფილების შედეგად  აღნიშნული პროექტი მაქსიმალურად უსაფრთხო  გახდება.

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალი ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება. ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობა.

20 მილიონი დოლარის ინვესტიციას აღნიშნულ პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo ახორციელებს.

კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების 100%-ის მფლობელია. თავის მხრივ, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ 2008 წლის თებერვლიდან ყაზახურ კომპანია სს „ყაზტრანსოილს“ ეკუთვნის.

10
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მომხმარებელი კომპიუტერთან

ჯანდაცვის სამინისტრო დახმარების მისაღებად რეგისტრაციისას შეფერხების გამო ბოდიშს იხდის

83
რეგისტრაციის ვებგვერდი დილიდან შეფერხებით მუშაობდა, შუადღისთვის კი საერთოდ გაითიშა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ფულადი დახმარების სწრაფად მიღების მსურველი ძალიან ბევრია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. საქართველოში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მიღების მსურველებმა სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია ვერ მოახერხეს - მშობელთა გაზრდილი ნაკადის გამო პლატფორმის მუშაობა შეფერხდა, იუწყებიან ჯანდაცვის სამინისტროში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობის დახმარების ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც 18 წელს ქვემოთ ასაკის ყველა მოზარდი სახელმწიფოსგან 200 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, დღეისათვის საქართველოში 18 წლამდე ასაკის დაახლოებით 880 ათასი მოზარდია. შაბათს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge დაიწყო რეგისტრაცია დახმარების მისაღებად. თუმცა რეგისტრაციის გავლის მსურველები პრობლემას გადააწყდნენ - ვებგვერდი არ მუშაობდა.

„ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში და ბოდიში მოიხადეს.

ამავე დროს უწყებამ დაამშვიდა მშობლები და განმარტა, რომ რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება და დახმარების მიღებას ყველა მსურველი მოასწრებს.

მშობელმა ელექტრონულ პორტალზე შემდეგი სახის ინფორმაცია უნდა განათავსოს:

  • ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი)
  • საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ სისტემა დაარეგისტრირებს განაცხადს. ერთ ბავშვზე დახმარების ოდენობა 200 ლარს შეადგენს.

83
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში