თბილისის ხედი

დევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

107
(განახლებულია 11:48 16.03.2019)
მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მენაშენეებისგან 509 ბინა თბილისში და 38 ბინა გორში შეისყიდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ და მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა ღიად და გამჭვირვალედ, კონკურსის წესით მოხდა. კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები წინასწარ დაადგინა.

მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისია განსაზღვრული.

ამ ეტაპზე, სამინისტრომ თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი საცხოვრებელი ფართები შეიძინა, რადგან სამოთახიანი ბინები გასულ წელს შეისყიდა.

„ბინების შესყიდვის გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ მიიღო, რომლის მუშაობის პროცესშიც ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ბიზნესომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების - „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები არიან ჩართულები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს უკვე შეძენილი აქვს 800 ბინა თბილისში, 25 ხაშურში და 20 მარნეულში, რომლებიც დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ, აღნიშნავენ უწყებაში.

107
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (60)