თბილისი, 14 მარტი — Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მუშაობს ინიციატივაზე სარეკლამო შეტყობინებების აკრძალვის შესახებ მიმღების თანხმობის გარეშე, განაცხადა აპარატის წარმომადგენელმა ოთარ ჩახუნაშვილმა რადიო „პალიტრის" ეთერში.
მობილური ოპერატორების აბონენტები დღეს საქართველოში სარეკლამო sms-შეტყობინებებს ყოველდღიურად იღებენ სხვადასხვა კომპანიისა და მაღაზიისგან. sms-შეტყობინებებში მითითებულია კოდი მისი გამორთვისთვის, თუმცა რიგ შემთხვევებში ეს კოდი არ მუშაობს, რაც აბონენტების უკმაყოფილებას იწვევს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირება. დაგეგმილი გვაქვს, წარვუდგინოთ პარლამენტს ინიციატივა, რომლის თანახმად სარეკლამო შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოქალაქეების თანხმობით. ეს წინადადება პარლამენტში წელს შევა“, – განაცხადა ჩახუნაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა აკრძალული არ არის.
არსებული რედაქციით, პირდაპირი მარკეტინგის აკრძალვა არ არსებობს, თუმცა ორგანიზაციებს მთელი რიგი ვალდებულებები აკისრიათ, მათ შორის შეტყობინების მიღებაზე უარის მექანიზმი. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციები 2018 წელს ძირითადად იცავდნენ მოთხოვნებს, მაგრამ არის დარღვევებიც, აღნიშნა ჩახუნაშვილმა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი პირადი მონაცემების დაცვის საკითხებზე მუშაობს, ასევე აკონტროლებს მონაცემთა ბაზის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოში, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, მობილური ოპერატორის 4,9 მილიონი აბონენტი იყო.