ეროვნული გამოცდები

იწყება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია

141
(განახლებულია 09:34 12.03.2019)
მიმდინარე წელს აბიტურიენტებს ისევ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოში 12 მარტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება, ნათქვამია ქვეყნის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

რეგისტრაცია, აბიტურიენტების გარდა, სტუდენტებსაც შეუძლიათ. მათ საშუალება აქვთ, გაიარონ საგრანტო კონკურსი და სწავლის დაფინანსება გაზარდონ.

რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.naec.ge ან online.naec.ge დაიწყება 10:00 საათზე და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა სტუდენტსა და აბიტურიენტს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის ვადებს.

"მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა, მაგისტრანტებმა და სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის ვადებსა და ყველა ინფორმაციას, რომელიც 12 მარტის დილიდან დაიდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე", – განაცხადა ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

გასული წლების მსგავსად, აბიტურიენტების რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე აბიტურიენტები შეძლებენ პირადი მონაცემების შეყვანას, ჩასაბარებელი საგნების დასახელებას და იმ ქალაქის არჩევას, სადაც ჩააბარებენ გამოცდებს.

3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტები ქალაქს ვეღარ შეცვლიან, მაგრამ 7 მაისამდე (18:00 საათამდე) შეუძლიათ საგნის შეცვლა ან არჩევითი გამოცდის დამატება.

ინფორმაციის მიღება განაცხადების ან სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ შესაძლებელი იქნება სპეციალურ გვერდზე, რომელიც ფუნქციონირებას 12 მარტიდან დაიწყებს.

საქართველოს განათლების სისტემის დაფინანსება გასამმაგდება>>

ვებ-გვერდზე www.naec.ge განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტები იხელმძღვანელებენ. ცნობარში წარმოდგენილია რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების სია და ა.შ.

წელს აბიტურიენტებს ისევ ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. აქედან სამი სავალდებულოა – ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა, და ერთი საგანი არჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხი წელი გაგრძელდება.

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი გახმაურებული გადაწყვეტილებაა ის, რომ წელს სკოლის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს აღარ ჩააბარებენ. ამას გარდა, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. პირველი სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორე – უცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცვლილების ფარგლებში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

სკოლის მოსწავლეების ცოდნას ახლებურად შეამოწმებენ>>

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წლიდან ტარდება.

141
თემები:
განათლება საქართველოში (57)