მამუკა ხაზარაძე

TBC Bank–ი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით ეროვნულ ბანკთან მუშაობას გააგრძელებს

189
(განახლებულია 20:38 18.02.2019)
TBC Bank–ის დამფუძნებლები კატეგორიულად უარყოფენ პროკურატურის ბრალდებებს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. TBC Bank-ი  შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძიების მიზნით მზადაა საქართველოს ეროვნულ ბანკთან მუშაობა გააგრძელოს, განაცხადა ბანკის სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) ხელმოწერის უფლება შეუჩერა TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.  ბანკმა რეგულატორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

„მიუხედავად ამისა (სარჩელი სასამართლოში – რედ.), ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმში გავაგრძელოთ  ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რათა თავიდან ავიცილოთ პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ბანკის დამფუძნებელმა ასევე კომენტარი გააკეთა პროკურატურის გამოძიებაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფინანსურმა იურიდიულმა ფირმამ 2007–2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

„რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას „ფულის გათეთრების“ მუხლით, კატეგორიულად უარვყოფთ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არარსებობს. ამასთან, მაღალი საჯარო ინტერესების გამო, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტზე ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენ პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

პრემიერი: TBC Bank-ის ირგვლივ შექმნილი ვითარება პოლიტიკას არ უკავშირდება>>>

მისი სიტყვებით, საერთაშორისო იურიდიულმა ფირმა Denton–მა მოამზადა დასკვნა, რომელშიც  მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ  ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის, ინტერესთა კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთან კავშირი არ აქვს.

ბანკის დამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკი მზადაა  სადაო გადარიცხვების  შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს ყველა დაინტერესებულ მხარეს – პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობოებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს. 

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით. 

ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს კანონის დარღვევას. მისი სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მთავარმა პროკურატურამ უკვე გაავრცელა ხაზარაძის დაკითხვის დეტალები, რომლის მიხედვით, პროკურორთან საუბრისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ თანხა ავთანდილ წერეთელს კრედიტით მის ბანკში ჰქონდა აღებული.

შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც აცხადებს, რომ ენდობა ეროვნულ ბანკს და TBC Bank-ის ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება.



189
თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)