პარკ „მზიურში" თოჯინების მუზეუმი არ აშენდება

© Sputnik / Levan Avlabreliპარკი "მზიური"
პარკი მზიური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, რომელიც სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თოჯინების მუზეუმი, რომლის მშენებლობა პარკი „მზიურის" ტერიტორიაზე იგეგმებოდა, სხვა ადგილზე აშენდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის პარკებში გარევაჭრობისთვის ჯიხურები განთავსდება>>>

მისი სიტყვებით, აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მუზეუმის მშენებლობა კანონს ეწინააღმდეგება. ხოლო „განახლებული მზიურის" მთლიანი პროექტის განხორციელებას მერია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„მზიურის" ტერიტორიაზე არაფერი აშენდება. გვქონდა იდეა თოჯინების მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება. „მზიურის" რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოსახლეობას უკვე წარვუდგინეთ, საკმაოდ საინტერესოა. მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიის რეაბილიტაცია მოხდება და მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული სივრცე ექნება", – განაცხადა კახა კალაძემ.

„მზიური“ თბილისის ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგ - Sputnik საქართველო
„მზიური“: ტრაგედიიდან სამი წლის შემდეგ

„მზიურის" რეაბილიტაციის პროექტს მერიის მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლიდან განახორციელებს, რომლის შედეგადაც დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა.

სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰექტარ ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და პარკის აღდგენა-მოწყობას, არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ასევე „მზიურის" ტერიტორიაზე განთავსებული ამორტიზებული შენობების რეაბილიტაცია-ადაპტაციას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებად გარდაქმნას ითვალისწინებს.

პარკი „მზიური" თბილისში 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზიანდა. იმ ღამით ვერეს ხეობაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

წყალდიდობისას დაიღუპა 21 ადამიანი, ორი ამ დრომდე უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ათობით ოჯახი. „მზიურში" წყალდიდობის შემდეგ კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები დაიწყო. პარკში გამოჩნდა განახლებული ამფითეატრი, სოციალური კაფე, საგანმანათლებლო ცენტრი და სპორტული კომპლექსი.

 

ყველა ახალი ამბავი
0