ჩააბარებენ თუ არა მე-12 კლასელები გამოცდებს: გადაწყვეტილება 15 თებერვლამდე გახდება ცნობილი

© courtesy of NAEC Georgiaგამოცდები
გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილი სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მოთხოვნით 3 თებერვალს განათლების სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. მეთერთმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები თუ გაუქმდება, არათანაბარ პირობებში ვაყენებთ მეთორმეტე კლასელებს, განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აბიტურიენტები განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გეგმავენ>>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდება და სკოლა ატესტატს სწავლის შედეგების მიხედვით გასცემს. მიმდინარე წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასებისთვის, მე-12 კლასში კი შენარჩუნდება. აღნიშნულის შესახებ 28 იანვარს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

გამოცდა - Sputnik საქართველო
2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ნაწილი გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მოთხოვნით 3 თებერვალს განათლების სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან დამატებით იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილება კი 15 თებერვლამდე იქნება მიღებული.

„გუშინდელი პრეზენტაცია ხედვა იყო და არა გადაწყვეტილება. „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში აღნიშნული ცვლილებები მოითხოვს სხვა ცვლილებებსაც. შესაბამისად, აუცილებლად გვექნება შესაბამის კომიტეტში განხილვები... პირადად მე მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად. საბოლოო გადაწყვეტილება 13-დან 15 თებერვლამდე გვექნება მიღებული გასვლით სხდომაზე", – განაცხადა ჯაშმა.

ამის პარალელურად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სავალდებულო საგანთა ნუსხიდან ზოგადი უნარების გამოცდის ამოღებას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ კერძო მასწავლებლებისთვის მიემართათ, რაც ყველა ოჯახისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი არ იყო.

განათლების სამინისტროს პოზიციით, მიმდინარე სასწავლო წელს მე-12 კლასის გამოცდები იმიტომ შეინარჩუნეს, რათა დასრულდეს დაწყებული ციკლი – გამოცდების ნაწილი მოსწავლეებმა მე-11 კლასში ჩააბარეს.

გამოცდები - Sputnik საქართველო
2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება

ადრე მე-11 კლასის მოსწავლეები წლის ბოლოს იმ საგნებში აბარებდნენ გამოცდებს, რომელთა სწავლასაც ასრულებდნენ – ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. დანარჩენ ოთხ საგანში – მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია – გამოცდებს მოსწავლეები მე-12 კლასში აბარებდნენ.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. პირველი სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება, მეორე – უცხო ენა, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს აბიტურიენტს სწავლის გაგრძელება. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ცვლილების ფარგლებში, უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, თავიანთი პროგრამის რელევანტური და არჩევითი გამოცდა (მათ შორის ზოგადი უნარები) სურვილის შემთხვევაში თავად დაამატონ.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. ექსპერტებმა რეფორმების ათი პაკეტი მოამზადეს, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.

 

ყველა ახალი ამბავი
0