საქართველოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ახალი მონაცემები გასაჯაროვდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისში გრიპის ვირუსი მძვინვარებს
თბილისში გრიპის ვირუსი მძვინვარებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ღორის გრიპით" დაავადებულთა რიცხვი იკლებს, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ იძლევა, მიაჩნია ჯანდაცვის მინისტრს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში "ღორის გრიპისგან" 17 ადამიანი გარდაიცვალა, ყველა შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

გრიპი საქართველოში - ბოლო ინფორმაცია>>>

საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსია გავრცელებული. გრიპის ვირუსის გართულების გამო სტაციონარში მკურნალობას 60 პაციენტი გადის, მათგან 42-ის მდგომარეობა რთულია. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. გამყრელიძის სიტყვებით, ამ მომენტისთვის გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათასზე 253 ადამიანს შეადგენს.

გრიპი საქართველოში - Sputnik საქართველო
გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

ქვეყანაში დაავადების პიკი დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მწვავე რესპირატორული დაავადებების გამო იმ პაციენტების 41% იქნა ჰოსპიტალიზებული, რომლებმაც ექიმებს მიმართეს. იანვრის მეორე კვირაში დაავადების მაჩვენებელმა 31%-მდე დაიწია. მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზება – მაჩვენებელი 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა.

„ერთ კვირაზე მეტია თბილისში ხუთი ჯანდაცვის დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა. ამ პერიოდში ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონები დაზარალდა. მნიშვნელოვანია გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე შევძლოთ, ამიტომ დღეს ქვეყანაში ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი არსებობს", – განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ კლება დაიწყო, ეს არ იძლევა მოდუნების უფლებას.

„პიკური რაოდენობა 277 უკვე გავიარეთ და გასული კვირის მონაცემებით 253-ია (შემთხვევები 100 ათას ადამიანზე). სასურველი იქნებოდა, უფრო ნაკლები რომ იყოს, მაგრამ ტენდენცია კლებისკენ მიდის. უნდა აღვნიშნო, რომ ეს უფლებას არ გვაძლევს მოვადუნოთ ჩვენი ძალისხმევა, რამდენადაც რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს დაავადების მიმდინარეობის გამარტივებას", – აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის სიტყვებით, ყოველი მესამე პაციენტი, რომელმაც ექიმს გრიპის სიმპტომებით მიმართა, საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას. სერგეენკოს აზრით, ეს მიანიშნებს დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე.

საშიში გრიპი, ანუ როდესაც არავინ გეკარება
საქართველოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ახალი მონაცემები გასაჯაროვდა - Sputnik საქართველო
საშიში გრიპი, ანუ როდესაც არავინ გეკარება

„პაციენტების მხოლოდ 45% იყო, ვინც ეს პირველი დღე-ღამის განმავლობაში გააკეთა, რაც ძალიან საყურადღებო იყო და ეს ინდიკატორი ახლა გაზრდილია, რაც ძალიან კარგია", – აღნიშნა სერგეენკომ.

საოჯახო მედიცინის ცენტრების მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გაამარტივა სასწრაფო დახმარების მუშაობა, აღნიშნა სერგეენკომ.

„ბოლო ორი კვირის სურათი დინამიკაში არის ასეთი: ავადობის შემთხვევების რაოდენობა იკლებს, ასევე იკლებს სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაზრდილი იყო საოჯახო მედიცინის ცენტრებზე პაციენტების ნაკადი", – განაცხადა სერგეენკომ.

ადამიანი ნიღბით გრიპის ვირუსისგან თავდასაცავად - Sputnik საქართველო
ირანის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს ურჩევს, გრიპის გამო საქართველოში არ ჩამოვიდნენ

რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუს", მისი მარაგი მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი. დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში მას პაციენტზე უფასოდ, სახელმწიფო სუბსიდიის ხარჯზე გასცემენ. სულ საქართველოში 13 ათასი კოლოფი პრეპარატი შემოიტანეს.

ქვეყანაში ვაქცინის დამატებით მარაგს უახლოეს დღეებში შემოიტანენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის ახალ აფეთქებას თებერვალ-მარტში არ გამორიცხავს.

სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევენ. საქართველოში გრიპის ეპიდემია არ არის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით ურჩევს მოსახლეობას, დაავადების პირველივე სიმპტომებისთანავე ექიმს მიმართონ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ ქვეყნის საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. სასწავლო პროცესი გადაიდო თბილისის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0