დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემიისკენ არ მივდივართ

139
თბილისში სადღეღამისო რეჟიმზე ხუთი სამედიცინო დაწესებულება გადადის

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 7 იანვარს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს. ხვალიდან კი მუშაობის 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მოსახლეობის დაბრუნება დიდ ქალაქებში და სასწავლო პროცესების განახლება. ამის დინამიკა ჩვენ უკვე გვაქვს და ამაზე პირდაპირი ჩვენება გვქონდა, რომ უკვე დღეიდან გადაგვეყვანა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების გარკვეული ნაწილი საგანგებო რეჟიმზე, რამაც დღესვე მოგვცა შედეგი. ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან სკურპულოზურად და თვლადი ინდიკატორებით, რომელიც უტყუარ ინფორმაციას გვაძლევს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ეს დაწესებულებებია: შპს „მედკაპიტალი-გლდანი“ (ვეკუას ქ. N 18); შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“ (გამრეკელის ქ. N19); შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ (წინამძღვრიშვილის ქ. N 57); შპს „მედსი“ („ვერე-21”) (ქიაჩელის ქ. N 18); შპს „მედკაპიტალი-სამგორი“ (მოსკოვის გამზირი კვ. 4)

„სამინისტრო თავისთავად მუშაობს საგანგებო რეჟიმში, 31-ში როდესაც შევაფასეთ მდგომარეობა, გვქონდა ასეთი დინამიკა, რომ მოსახლეობის ნაწილი წინასადღესასწაულო პერიოდში ქალაქიდან გადის... ნათელი გახდა, რომ საახალწლო დღეებში აუცილებელი იყო რეგიონული სამსახურების გაძლიერება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული სამსახურები გადავიდნენ და ჯერ კიდევ რჩებიან საგანგებო რეჟიმში“, – აღნიშნა სერგეენკომ.

მისივე თქმით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი 277-დან 256-მდე შემცირდა, რაც რაოდენობრივად პოზიტიური დინამიკაა და აჩვენებს, რომ ეპიდემიისკენ არ მივდივართ.

დღეისათვის გრიპით გამოწვეული გართულებების შედეგად საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში დაფიქსირდა, სადაც, სავარაუდოდ, „ღორის გრიპით“ 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

139
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში 2018 (251)

ამერიკული დავები: აშშ-ის მოქალაქეებს თბილისში პოლიცია ამშვიდებდა - ვიდეო

79
მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის ცენტრში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობდა აქცია

აქციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოში მცხოვრები ამერიკელები, რომლებსაც რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქცია სოციალური ქსელი Facebook-ის მეშვეობით დაიგეგმა.

საპროტესტო აქციამ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოყვა, სწრაფად მოიცვა მთელი ამერიკა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. აშშ-ში დემონსტრანტებმა დაარბიეს მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და პოლიციის შენობები.

ასობით ადამიანი გამოვიდა ხელში პლაკატებით “ვიგუდები“ და „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“ ნიდერლანდებში, ესპანეთში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

79
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

კლინიკების, ლაბორატორიების და მედპერსონალის მომზადება: როგორ ებრძოდა საქართველო COVID-19-ს

42
2 აპრილიდან 22 მაისამდე ცხელ ხაზზე დარეკა დაახლოებით 16,2 ათასმა ადამიანმა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 7%-ს დასჭირდა

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოში 23 მაისისთვის ფიქსირდებოდა ინფიცირების დაახლოებით 15 ჯაჭვი და კორონავირუსზე 47,5 ათასი ტესტი გაკეთდა, ნათქვამია კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. იმ დროისათვის ქვეყანას უკვე ყველაფერი გააჩნდა საშიში ინფექციის გამოსავლენად, მათ შორის ტესტები.

მთავრობის მონაცემებით, უკვე თებერვლიდან თბილისსა და რეგიონებში შეირჩა 3,3 ათას პაციენტზე გათვლილი 29 კლინიკა, რომლებიც პაციენტების მიღებაში ეტაპობრივად ჩაერთო.

გარდა ამისა, კიდევ ათასი საწოლი იყო მობილიზებული პაციენტებისთვის მაღალი ტემპერატურით, რომლებიც მიმართავდნენ ე.წ. ცხელების ცენტრებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აქტიურად მიმართავდნენ მედიკოსებს. 2 აპრილიდან 22 მაისამდე ცხელ ხაზზე დარეკა დაახლოებით 16,2 ათასმა ადამიანმა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 7%-ს დასჭირდა.

კორონავირუსის გავრცელება

ოფიციალური ინფორმაციით, 22 მაისამდე საქართველოში ინფიცირების დაახლოებით 15 ჯაჭვი გამოვლინდა. მაქსიმალური ჯაჭვი 40 ადამიანს მოიცავდა. ყველაზე მსხვილი კლასტერები იყო თეთრიწყაროს, ბოლნისის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში. ეს მუნიციპალიტეტები გამოცხადდა საკარანტინე ზონად, რათა დაავადების გავრცელება მთელს ქვეყანაში არ მომხდარიყო.

ეპიდემიოლოგები დაავადებულთა გამოვლენის გარდა მათი კონტაქტების მოძიებით იყვნენ დაკავებული. მათ მთლიანობაში 3500 კონტაქტი მოიძიეს, მოახდინეს მათი იზოლაცია და დაკვირვებისთვის კარანტინში გადაიყვანეს.

ამ პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 47,6 ათასი ტესტი ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ტესტირებას 22 ლაბორატორია ახორციელებდა.

ტესტები ექიმებსაც უტარდებოდა. დადასტურებული შემთხვევების 13% მედიკოსები არიან.

მედპერსონალის ინფიცირებისგან დასაცავად მათ სხვა კლინიკებში მუშაობა აეკრძალათ, პერსონალი ორ კვირაში ერთხელ იცვლებოდა, ყოველი ცვლის დაწყების წინ და ბოლოს ტესტირებას გადიოდა.

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის >>

ონლაინ-კონსულტაციებისთვის მობილიზებული იყვნენ სამედიცინო უნივერსიტეტის მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებიც მოსახლეობას კონსულტაციებს უწევდნენ და ეხმარებოდნენ.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 801 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

42
თემები:
COVID-19 საქართველოში
აქციის ჩახშობა მინეაპოლისში

რუსეთის საგარეო უწყებაში აშშ-ში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს

0
აშშ-ში პროტესტები უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს და ზოგიერთ ქალაქში არეულობაში და მაროდიორობაში გადაიზარდა

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. მოსკოვი აკვირდება მოვლენების განვითარებას აშშ-ში, სადაც პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდის მკვლელობის გამო არ ცხრება მასობრივი პროტესტი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„უკვე მეორე კვირაა მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს მასობრივი გამოსვლები, როგორც გაცხადებულია, პოლიციური ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. გუშინდელი დღის განმავლობაში დემონსტრაციების ტალღამ გადაუარა 27 შტატს, 200 დასახლებულ პუნქტში კომენდანტის საათი დაწესდა. პოლიციის გარდა, ჩართულია აშშ-ის ეროვნული გვარდიის 20 ათასი სამხედრო მოსამსახურე“, - განაცხადა ზახაროვამ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოსკოვმა საპროტესტო გამოსვლების დროს ამერიკული სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს ყურადღება მიაქცია.

„აშშ-ის ქალაქებში გადაღებულ მრავალრიცხოვან კადრებზე ყველამ დაინახა, როგორ გამოიყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, სხვა სპეცსაშუალებები, ფაქტობრივად უწყვეტად მიმდინარეობს დაპატიმრებები, დაკავებები, მონაწილეების დასაშინებლად გამოიყენებოდა ვერტმფრენები, გამოსვლების და მიტინგების დროს დაშავდნენ სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები, მათ შორის რუსეთის“, - განაცხადა ზახაროვამ.

მან აღნიშნა, რომ მაროდიორობის და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად განხორციელებული ღონისძიებების დროს ხელისუფლება ამერიკელების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არ უნდა არღვევდეს.

რა ხდება აშშ-ში

მინეაპოლისსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ საზოგადოებაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია.

მინეაპოლისში დაწყებული პროტესტი სხვა შტატებსაც მოედო. ანტიპოლიციური პროტესტმა მოიცვა ასობით ქალაქი, ნიუ-იორკის და ვაშინგტონის ჩათვლით, სადაც მომიტინგეები თეთრ სახლთან იკრიბებიან. ათობით ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

მშვიდობიანი მსვლელობები იმართება ასევე ავსტრალიაში, ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ სამსახურიდან ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს, ერთ მათგანს - დერეკ ჩავენს - გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გამოძიებაში ჩაერთო გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელმაც საქმე პრიორიტეტულად გამოაცხადა. ამჟამად პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჩავენი მინესოტას მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.

აქტივისტები დანარჩენი სამი პოლიციელის დასჯასაც ითხოვენ, რომლებიც არ ჩაერივნენ მიმდინარე მოვლენებში და ჩავენს ფლოიდის მოკვლის საშუალება მისცეს. მინესოტას გენერალურმა პროკურორმა კიტ ელისონმა განაცხადა, რომ სხვა ბრალდებები შეიძლება „ძალიან მალე“ გამოჩნდეს, თუმცა თარიღი არ დაუზუსტებია.

0
თემები:
მსოფლიო დღეს