საავადმყოფო

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

89
(განახლებულია 12:59 07.01.2019)
გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო,  24-საათიანი  რეჟიმით იმუშავებს.

 

თბილისი, 7 იანვარი -  Sputnik. მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, მართვით სუნთქვაზე კი სამი ადამიანი იმყოფება,  განაცხადა  მცხეთის სამედიცინო ცენტრის   დირექტორმა დავით ლოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა და 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას  ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. საქართველოში გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლოლაძის განცხადებით, კლინიკაში მიმართვიანობიდან გამომდინარე ვითარება საკმაოდ რთულია.

„მცხეთა არ არის გამონაკლისი, ისევე როგორც მთელი საქართველო. ამ წუთისთვის, მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით კლინიკაში დაახლოებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე“,  - აღნიშნა ლოლაძემ.

 დირექტორის განცხადებით, კლინიკაში H1N1 ვირუსის შემთხვევა  დადასტურებული არ არის, რადგან შესაბამისი ანალიზები არ ჩატარებულა.

რამდენიმე დღის წინ გრიპის ვირუსის გააქტიურების გამო კარანტინი გამოცხადდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც.

ასევე, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო, 24-საათიანი  რეჟიმით იმუშავებს.

 

89
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (222)