პაციენტი საავადმყოფოში

საგანგებო რეჟიმი ჯანდაცვის სამინისტროში: ხუთი კლინიკა 24–საათიან რეჟიმში იმუშავებს

209
(განახლებულია 11:23 07.01.2019)
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა,  ვირუსს ბოლო ორ თვეში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. გრიპის ვირუსთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, აღნიშნულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა –  100 ათას მოსახლეზე ვირუსით 277 ადამიანია დაავადებული. ეპიდემიად მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც 100 ათას  ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450-500 დაავადებულს აღწევს. გრიპის ვირუსს ბოლო ორ თვეში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უწყების ცნობით, 7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, 8 იანვრიდან კი კლინიკები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავლენ.

„8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში H1N1 ტიპის გრიპის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა - ბოლო მონაცემები>>>

24-საათიანი სამედიცინო მომსახურების მიღება შემდეგ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი:  შპს „ მედკაპიტალი-გლდანი" (მის: ვეკუას ქ. N 18),  შპს „მედკაპიტალი-საბურთალო" (მის: გამრეკელის ქ. N19),  შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" ( მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57),  შპს "მედსი: ("ვერე-21") ( მის: ქიაჩელის ქ. N 18) და შპს "მედკაპიტალი-სამგორი"( მის:  მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ).

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით  მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ პაციენტთა კონკრეტული ჯგუფები - ორსულები, სოციალურად დაუცველები, ბავშვები, პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

209
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (222)