„თბილისი არ იქნება ჯიხურების ქალაქი": მერია კიდევ ერთი პრობლემის გადაჭრას აპირებს

გამოწერა
თბილისში დაახლოებით ექვსი წლის წინ 2,5 ათასი ჯიხური დადგეს, რომელთა უმეტესობა ქვეითად მოსიარულეებისა და ტრანსპორტისთვის პრობლემას ქმნის, თქვა მერმა.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ჯიხურები, რომლებიც კანონდარღვევითაა განთავსებული, აუცილებლად უნდა გადაიტანონ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის თქმით, უკანონოდ განთავსებული ჯიხურების მფლობელებს საქმიანობის გაგრძელების საშუალება მას შემდეგ მიეცემათ, რაც ჯიხურებს ახალ ადგილზე გადაიტანენ.

„დაახლოებით ექვსი წლის წინ თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო – ქალაქში 2,5 ათასი ჯიხური დადგა. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ამაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათი დიდი ნაწილი არასწორ, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებზეა განთავსებული, რაც პრობლემას ქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე ტრანსპორტისთვის", – განაცხადა კალაძემ.

წყნეთი–ბეთანიის აღდგენილი გზა - Sputnik საქართველო
ახალი გზები და მუზეუმები: რა პროექტებზე დაიხარჯა ბიუჯეტის მილიონები

მერმა განმარტა, რომ აღნიშნული ჯიხურების უმრავლესობას ახლახან გაუვიდა იჯარის ხელშეკრულების ვადა და მერიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ ჯიხურები ბევრი მფლობელისთვის ერთადერთი საარსებო წყაროა.

მერიაში დეტალურად აღრიცხულია ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარების თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული, აღნიშნა კალაძემ.

„ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს სამიდან ექვს თვემდე", – განაცხადა მერმა და აღნიშნა, რომ მფლობელებს დამატებით ვადებს მისცემენ, რათა მოხდეს ადგილმონაცვლეობა და მათ შეძლონ განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.

თბილისი არ უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, არ იქნება ჯიხურების ქალაქი, აღნიშნა კალაძემ.

ყველა ის ჯიხური, რომელიც ქვეითად მოსიარულეებისა და ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემას არ ქმნის, ძველ ადგილზე დარჩება. ამისთვის მერია თავიდან გამოაცხადებს აუქციონს და ისინი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ, აღნიშნა კალაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0