შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში

გორში შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტრო დაიცავს

85
(განახლებულია 11:36 10.11.2018)
შინდისის გმირების მემორიალი 28 სექტემბერს დაარბიეს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ, იუწყება შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციის Facebook-გვერდი.

აღნიშნული გადაწყვეტილება შიდა ქართლის გუბერნიის აპარატმა და თავდაცვის სამინისტრომ კონსულტაციების შედეგად მიიღეს.

უწყებებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე კვირის წინ, მემორიალის ვანდალურად დარბევის ფაქტის შემდეგ დაიწყო.

შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი 28 სექტემბერს  დაარბიეს.

შინდისში იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ვანდალურად იქნა დარბეული მემორიალი. ეს იყო თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ფაქტი, რომელიც აღარასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენი გმირების სათანადოდ დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია, ეს ღირსების საქმეა“, – აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენეთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

85
თემები:
საქართველოს თავდაცვა (129)