გერმანელი და ქართველი ექსპერტები ტყიბულის შახტებში არსებულ ვითარებას შეისწავლიან

© Pixabay / hangelaშახტა
შახტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულის შახტებში 2017-2018 წლებში უბედური შემთხვევების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. გერმანული კომპანია DMT Group-ის ექსპერტებმა ტყიბულის შახტებში არსებული ვითარების შესწავლა დაიწყეს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ტყიბულის შახტის ექვსივე თანამშრომელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა>>>

უცხოელი ექსპერტების მოწვევის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ იქნა მიღებული.

5 აპრილს, დაახლოებით 03:30 საათზე ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც შახტის ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის ექვსი თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ. 

გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გაუფრთხილებელი შემოწმებები - შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრდა

ექსპერტიზის მიზანია – გაარკვიოს შახტებში სამუშაოების წარმოების მიზანშეწონილობა და ობიექტების უსაფრთხოება შეისწავლოს. ტყიბულში სამი გერმანელი ექსპერტი ადგილზე გაეცნობა სათანადო დოკუმენტაციას. ექსპერტთა მიერ საბოლოო დასკვნის მისაღებად 5 კვირაა განსაზღვრული, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება შუალედური ანგარიშებიც.

კომპანია სამმხრივი კომისიის მიერ იქნა შერჩეული. მას მუშაობის 140-წლიანი გამოცდილება აქვს და ის მსოფლიო მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციის TUV NORD-ის წევრია.

გერმანულმა კომპანიამ უნდა გასცეს რეკომენდაციები შახტის ფუნქციონირების გაუმჯობესების კუთხით, რაც უკავშირდება თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებისა და საბადოს დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე სამუშაო პროცესის სწორად ორგანიზებას და მენეჯმენტის განხორციელებას.

გერმანული კომპანიის ხელშეწყობის მიზნით და მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის ანალიზისა და შეფასებისთვის ამ პროცესში ჩართული არიან დარგის ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტებიც, ასევე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამთო ინსტიტუტიდან და ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეული ექსპერტები.

მთავრობა ტყიბულის შახტის მართვაზე უარს აცხადებს>>>

ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკავებული არიან მინდელის სახელობის შახტის დირექტორი — ა.ა., ამავე შახტის მთავარი ინჟინერი — გ.კ., შახტის მენეჯერი — მ.კ., N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი მ.ა., ამავე უბნის უფროსის მოადგილე — ტ.ა. და უფროსის თანაშემწე გ.ქ. 

ტრაგედია ტყიბულში - Sputnik საქართველო
აფეთქება ტყიბულში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

კომპანია „საქნახშირის" დაკავებული ყოფილი თანამშრომლებიდან ხუთმა ბრალი აღიარა. ერთ-ერთი ბრალდებული კი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიების მიხედვით, დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნები, რომელთა თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.

არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ ის, რომ შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება.

სულ 2017-2018 წლებში ტყიბულის შახტებში უბედური შემთხვევების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0