საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

უცხოეთში ქართველი ამომრჩევლების რეგისტრაცია ორ დღეში დასრულდება

46
(განახლებულია 14:35 09.11.2018)
საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები საზღვარგარეთ ბოლო დღეებში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მცხოვრებ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვა გაიარონ არაუგვიანეს 11 ნოემბრისა.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 1 ნოემბერს დაიწყო. კენჭისყრა გაიმართება მსოფლიოს 39 ქვეყნის 55 უბანზე. რეგისტრაცია პირველი ტურისთვის 21 ოქტომბრამდე იყო გამოცხადებული.

„საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების საარჩევნო უფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით საკონსულო დაწესებულებები/დიპლომატიური წარმომადგენლობები გადასული არიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს არასამუშაო დღეებში მოქალაქეთა მომსახურების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის განხორციელებას", – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს ცესკოს მონაცემებით, არჩევნების პირველი ტურისთვის საკონსულო აღრიცხვაზე ავიდა უცხოეთში მცხოვრები 14 795 ამომრჩეველი, აქედან ხმა მისცა 5 497-მა.

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ონლაინ-რეჟიმში 4000-მდე მოქალაქე დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო მათთვის, ვისაც აღნიშნულ პროცესში ტექნიკური დახმარება ესაჭიროება, ყველა საკონსულო დაწესებულებაში მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი", – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის საჭიროა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მისვლა ან ანკეტის ონლაინ შევსება. საჭირო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე - (+995 32) 2 94 50 50.

ანკეტაში საჭიროა აღინიშნოს პირადი მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ, ქვეყანაში შესვლის თარიღი და კონკრეტულ ქვეყანაში ყოფნის მიზეზი, საკუთარი ფოტოს ჩატვირთვა, რომელიც გადაღებულია ბოლო სამი თვის განმავლობაში.

თუ მოქალაქე სხვა ქვეყანაში გადავიდა, მას მოუწევს აღრიცხვაზე ასვლა იქ, სადაც ხმის მიცემას აპირებს.

კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მათ უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოქმედი მოწმობა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება არაუგვიანეს 2 დეკემბრისა.

46
თემები:
საქართველო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში (37)