ზურა ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე: კანონს დავარღვევ მარტო მე...

123
(განახლებულია 17:43 13.10.2018)
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით,  მარიხუანას ფესტივალზე შეკრებილ ხალხს გართობის საშუალება ექნება, კანონს კი მარტო პრეზიდენტობის კანდიდატი დაარღვევს.

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. „პოლიტიკური გაერთიანება - გირჩის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე 20 ოქტომბერს დააანონსებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გაიმართება თუ არა მარიხუანას ფესტივალი - შსს-მ „გირჩის“ განცხადებაზე საქმე აღძრა >>

ჯაფარიძის თქმით, ფესტივალზე ის ერთადერთი ადამიანი იქნება, ვინც კანონს დაარღვევს. მისივე თქმით, „დედაენის ბაღში“ მისულებს საშუალება ექნებათ ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდნენ - იხილონ, თუ როგორ აკავებენ პრეზიდენტობის კანდიდატს.

„20 ოქტომბერს ასევე ვაპირებ, რომ ჩავიდინო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამჯერად მე არ ვარღვევ კანონს, რადგან ვთვლი, რომ რასაც მე გავაკეთებ, ამის უფლება მომანიჭა საკონსტიტუციო სასამართლომ. ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი მიმართულია საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც არის გაბატონებული. ეს მიმართულია იმ აზრის წინააღმდეგ, რომელსაც ლობირებს საქართველოს საპატრიარქო და მწკრივში დამდგარი ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა „გირჩისა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ღონისძიება დედაენის ბაღში 4:20 სთ-ზე დაიწყება.

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის საუკეთესო ტრადიციებით: ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან. მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები. ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო“, - ნათქვამია პოლიტიკური გაერთიანების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვასთან დაკავშირებით პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” განცხადებაზე გამოძიება დღეს დაიწყო. უწყებაში საქმე სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. ამასთან, უწყების ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია მკაცრი ზომების გატარებას აპირებს.

123