ჩურჩხელა

კახეთში ღვინის ფესტივალზე გიგანტურ ჩურჩხელას ამოავლებენ

92
(განახლებულია 10:05 12.10.2018)
ღონისძიების მიზანია ღვინის ტურიზმისა და ქართული კულტურის პოპულარიზება.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. კახეთში შაბათს, 13 ოქტომბერს ღვინის ფესტივალზე ოთხმეტრიან ჩურჩხელას ამოავლებენ, განუცხადეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურისტული კომპანია Grand Travel Group და გურჯაანის თვითმმართველობა.

ღვინის ფესტივალზე დაწურავენ ყურძენს, მოადუღებენ თათარასა და ამოავლებენ ჩურჩხელას.

„ჩვენი პროექტის მიზანია ქართული კულტურის გაცნობა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზიაცია როგორც ქართველი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა თამარ დოლიძემ.

ფესტივალზე მიწვეული არიან უცხოელი ტურისტები, ასევე კომპანიის პარტნიორები.

„მოწვეული გვყავს სტუმრები რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ევროპიდან. სასურველი იქნება დაესწროთ, ნახოთ ეს, მსოფლიოში პირველად ხდება 4 მეტრამდე ჩურჩხელის ამოვლება“, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა დავით დოლიძემ.

ღონისძიება გურჯაანის კულტურის ცენტრში ფილმის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ჩვენებით დასრულდება.

წელს ფესტივალი გურჯაანში იმართება ქართული ღვინის დღეების ფარგლებში, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 5–21 ოქტომბრის პერიოდში პირველად აღინიშნება.

92