იუსტიციის სახლი

ერთჯერადი აქცია პირადობის მოწმობაში სახელის შეცვლაზე: კატეგორია და შეღავათები

90
(განახლებულია 18:18 10.10.2018)
უწყების ცნობით, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როცა მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ერთი სახელი უწერია, ხელნაწერ სამოქალაქო აქტში კი მეორე.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია ერთჯერადად გათავისუფლდება პირადობის მოწმობაში სახელის შეცვლის საფასურისგან, იუწყება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

სააგენტოს განცხადებით, შეღავათი ვრცელდება 1959 წლამდე დაბადებულ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში სააქტო ჩანაწერისგან განსხვავებულ სახელს ატარებენ.

„[აღნიშნული პირები] ერთჯერადად გათავისუფლდებიან როგორც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შესაბამისად სახელის შეცვლის საფასურისგან (55 ლარი), ისე ამ შესწორების დროს საჭირო პირადობის მოწმობის გაცემის საფასურისგან (34 ლარი), რაც, საერთო ჯამში, 90 ლარამდე შეღავათია მოქალაქეებისთვის“, - ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე. 

უწყების ცნობით, სააგენტოს მიერ ბოლო წლებში წარმოებული სააქტო ჩანაწერების დიგიტალიზაციისას გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როცა მოქალაქეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირადობის დამადასტურებელ და სხვა ნებისმიერ დოკუმენტში ერთი სახელი ეწერა, ხოლო ხელნაწერ სამოქალაქო აქტში - სულ სხვა. 

ამგვარი შეუსაბამობები ძირითადად ფიქსირდება 1950-იან წლებსა და უფრო ადრე რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევაში მოქალაქეს სამართლებრივად ორი არჩევანი აქვს:

  • ყველა საბუთი აიღოს ნამდვილ სახელზე, რომელიც სამოქალაქო აქტის ჩანაწერშია დაფიქსირებული;
  • ოფიციალურად მიიღოს ის სახელი, რომელსაც მთელი ცხოვრება ატარებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბოლო არჩევანი საკმაოდ ძვირია, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გადაწყდა რომ მოქალაქეებს ერთჯერადად უფასოდ მიეცეთ შესაძლებლობა, დაირეგისტრირონ სახელი, „რომელიც წლებია მათი პირადი ცხოვრების ნაწილია“.

შეღავათები არ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სახელის შეცვლა მხოლოდ საკუთარი სურვილის შესაბამისად სურთ.

იუსტიციის მინისტრის ბრძანება ძალაში 1ოქტომბერს შევიდა და მოქმედია 2025 წლის 1 ოქტომბრამდე.

 

90