ვანის ქვაბები

ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტება

333
(განახლებულია 12:48 10.10.2018)
სპეციალისტების პირველადი დასკვნის მიხედვით, ძეგლზე გადაადგილება საშიშია, რადგან დაზიანებული ადგილები შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტება უსაფრთხოების მიზნით, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ვანის ქვაბებში, რომელიც კლდეში ნაკვეთი 16-სართულიანი სამონასტრო კომპლექსია, ქვათაცვენა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ქვათაცვენა კლდეში ნაკვეთ კომპლექსში ყოველდღიურად იმატებს.

კომპლექსის დაკეტვის გადაწყვეტილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. სპეციალისტების პირველადი დასკვნის მიხედვით, ძეგლზე გადაადგილება საშიშია, რადგან დაზიანებული ადგილები შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. სწორედ ამიტომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვიზიტორებისთვის ქვაბების დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო 2019 წელს ძეგლზე კვლევის ჩატარებას გეგმავს, რომელიც განსაზღვრავს მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც წარიმართება კომპლექსზე სამუშაოები.

„უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ვანის ქვაბები ვიზიტორებისთვის დავკეტეთ და მისი მონახულება შეიზღუდება... სამი სახის პრობლემაა: პირველი - ქვათაცვენა, მეორე - ჰიდროგეოლოგიური კვლევა, რათა მოხდეს დაკვირვება, როგორ შეიძლება კომპლექსზე წყლის არიდება, და, მესამე - არქეოლოგიური კვლევის დაწყება, რათა უფრო კარგად გამოვავლინოთ ის ნაწილი, რაც შუა საუკუნეებში მიწისძვრის დროს ჩამოინგრა", – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი იქნება ტურისტებისთვის ვანის ქვაბები დაკეტილი.

ვანის ქვაბების უდაბნო-მონასტერი VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია, რომელიც ასპინძიდან 27 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1386 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსი ტერასულად 16 სართულზეა განლაგებული და 200-მდე გამოქვაბულისგან შედგება. კომპლექსში შედის 6 ეკლესია. სამონასტრო ცხოვრება აქ რვა საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

333
თემები:
საქართველო - ტურისტული ცენტრი (328)

ყველაზე საინტერესო