ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი

„ყველას დიდი ბოდიში“ - სარალიძე ნანობს, რომ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა

152
(განახლებულია 20:24 12.09.2018)
ზაზა სარალიძე შიმშილობის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ მისი 16 წლის შვილის მკვლელს არ დააკავებენ

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან დაბრუნდა და მოუხადა ბოდიში შსს-ს თანამშრომლებს, რომლებსაც სამშაბათს შეურაცხყოფა მიაყენა.

არეულობა პარლამენტთან — ზაზა სარალიძემ გონება დაკარგა >>

ზაზა სარალიძემ ორშაბათს განაახლა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. მან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ ობიექტურად ვერ გამოიძია მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობა.

საღამოს პარლამენტის წინ ვითარება უკიდურესად გამწვავდა. იმის შემდეგ, რაც პოლიციამ მომიტინგეებს კარვის გაშლის უფლება არ მისცა, სარალიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. მან პოლიციელებზე ხელი აწია და შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მან მთელი ღამე გაატარა.

„სამართალდამცველებს პირადად მინდა ბოდიში მოვუხადო გუშინ ანერვიულებული ვიყავი და შეურაცხყოფა მივაყენე. მე დიდი სამეგობრო მყავს არა მარტო პოლიციაში, არამედ სხვა სტრუქტურებშიც, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც ვინახავ. შეურაცხყოფისთვის ყველას დიდი ბოდიში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამასთან ის შიმშილობის გაგრძელებას აპირებს.

„მაინც გავაგრძელებ შიმშილობას ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, ან ჩემ გვამს გაიტანენ ან სამართალს მივაღწევ. დასაკარგი არაფერი მაქვს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. სასამართლომ დღემდე ვერ დაასახელა დავით სარალიძის მკვლელი.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ყველა დამნაშავის დასჯას. სარალიძის მამა ამტკიცებს, რომ ნამდვილ მკვლელს ხელს აფარებენ, რადგან მას პროკურატურაში ნათესავები ჰყავს.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

„მმართველი პარტია ჩემი შვილის მკვლელს მფარველობს“ — სარალიძე კვლავ პროტესტს აცხადებს >>

მიმდინარე წლის ივნისში შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უნდა გაერკვია, იყო თუ არა დაშვებული დარღვევები საქმის გამოძიებისას და იყო თუ არა ჩარეული ვინმე ამ პროცესში.

კომისიის წევრებმა ვერ დაადგინეს, ვინ მოკლა დავით სარალიძე, თუმცა გამოთქვეს ვარაუდი, რომ მკვლელობაში კიდევ ერთი მოზარდი მონაწილეობდა.


152
თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (113)