გერმანიის დროშა

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს

598
(განახლებულია 11:34 12.09.2018)
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გერმანიიდან ჩარტერული რეისით განხორციელდა.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გერმანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს 65 მოქალაქიდან 59 საქსონიაში ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს, თუმცა, მათი განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

მერკელი: საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს შევქმნით>>>

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ თავდაპირველად ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა გერმანიაშია. ქვეყნის ხელისუფლებას 2018 წელს საქართველოს დაახლოებით 2,5 ათასმა მოქალაქემ მიმართა. თანხმობა მხოლოდ 1%-მა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია გერმანიიდან ჩარტერული რეისით განხორციელდა.

გერმანული მასმედიის ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს გერმანიის ტერიტორიის დატოვება 510 ქართველს მოსთხოვეს. ამ ეტაპზე გერმანიიდან 210 ქართველის დეპორტაცია განხორციელდა. შარშან კი გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების რიცხვი 214 იყო.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

გერმანია არალეგალი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს>>>

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობლად მატებამ გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდი შეშფოთება გამოიწვია. მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მთავრობა საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების ლობირებას გეგმავდა. რეგიონული მთავრობის უკმაყოფილება გამოწვეული იყო გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის გაზრდით, ასევე ქართველების მიერ დანაშაულის ჩადენის სტატისტიკის ზრდით.

აგვისტოში კი, საქართველოში ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის დასაქმების ლეგალური გზების შექმნის მიზნით სამუშაო კვოტების შექმნას აპირებს.

 

598
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (280)