წამლის აბები

დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი დღეიდან გაიაფდა

144
(განახლებულია 09:44 13.08.2018)
„მედფორმინი", „გლიმეპრიდი" და „გლიკლაზიდი" - ამ პრეპარატების ფასი, რომლებსაც მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები იყენებენ, დღეიდან განახევრდა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მედიკამენტების – „მედფორმინის", „გლიმეპრიდისა" და „გლიკლაზიდი" შეძენას მოსახლეობა დღეიდან ნახევარ ფასად შეძლებს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მინისტრის განმარტებით, ამ პრეპარატებს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანები იყენებენ.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტი. პირველ ტიპს ინსულინი სჭირდება, მეორე ტიპის დიაბეტს კი – ტაბლეტები. მეორე ტიპის დიაბეტის წამლებზე ფასი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის. ამ ტიპის დიაბეტს კარგად კეტავს სამი მთავარი მედიკამენტი – „მედფორმინი", „გლიმეპრიდი" და „გლიკლაზიდი". უკვე მაისში დაიწყო გაიაფება და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და მოთხოვნადი „მედფორმინის" შეძენა 13 აგვისტოდან უკვე ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი", – განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს განცხადებით, შარშან დაწყებული პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე და ფარავდა ძირითად ქრონიკულ დაავადებებს, საკმარისი არ არის და პროექტს გაფართოება სჭირდება.

„ფინანსური ბარიერი მაღალია არა მარტო სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვისაც. ამიტომ, ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი – წელს, მაისში… დავაფუძნეთ ერთობლივი იურიდიული პირი, როდესაც სახელმწიფო პარტნიორობას გაუწევს კერძო ინდუსტრიას და პირიქით. ამან მოგვცა შესაძლებლობა, უკვე მაისიდან დაწყებულიყო მედიკამენტების გაიაფების პირველი ეტაპი. 13 აგვისტოდან ამოქმედდება შემდეგი ეტაპი", – აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ დახარჯა არა თავისი ფინანსური რესურსი, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა.

„ეს გამოიხატა იმაში, რომ მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები. შედეგად, ამ სამ მედიკამენტზე უკვე მთლიანად მოსახლეობას და არა მხოლოდ სოცდაუცველებს ან პენსიონერებს, გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი", – განაცხადა სერგეენკომ.

ასევე, მინისტრის თქმით, ზემოაღნიშნული სამი მედიკამენტი პენსიონერებისთვის კიდევ უფრო იაფი ეღირება, რადგან სახელმწიფო მათ სუბსიდირებას გეგმავს.

სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი. შემდეგი ნაბიჯი ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული – გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.

„საქართველოში უფასო მედიკამენტების სია გაიზრდება">>

პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს. პროგრამის გაფართოების მიზანია პენსიონერთა და შშმ პირთა დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე განახევრდეს, ან მესამედი გახდეს.

პროგრამაში ჩაერთვება სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას.

144
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (147)