დავით სერგეენკო

რომელი წამლების გაიაფება იგეგმება საქართველოში

260
(განახლებულია 17:48 11.08.2018)
პროგრამა, რომელიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობას გულისხმობს, რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნულ სიახლეზე დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა.

პროგრამის მიზანია მოსახლეობისათვის ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მინისტრის თქმით, ორშაბათიდან განახევრდება ფასები შემდეგ მედიკამენტებზე – „მედფორმინი“, „გლიმეპრიდი“ და „გლიკლაზიდი“. აღნიშნული პრეპარატებით ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები სარგებლობენ.

„ამ პროექტის პირველი შედეგი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების საბაზრო ფასის განახევრებას გულისხმობს. აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ნაწილი უკვე განახევრდა, თუმცა მომავალი კვირიდან მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება და მათზე ფასდაკლება გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე“, – განმარტეს ჯანდაცვის სამინისტროში.

სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი. შემდეგი ნაბიჯი ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული – გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.

„პენსიონერები მედიკამენტებში თვეში საშუალოდ 50-60 ლარს ხარჯავენ. ჩვენ მინიმუმ, გავანახევრებთ ამ ფინანსურ ტვირთს, რათა 20-30 ლარზე მეტი არ გადაიხადონ. საუბარია ზუსტად იგივე წამლების გაიაფებაზე, რასაც პენსიონერები ისედაც ყიდულობენ, ანუ გარანტირებული ხარისხის საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციაზე. მედიკამენტი ზუსტად იგივე იქნება, რასაც აქამდე ყიდულობდნენ, უბრალოდ ნაკლებს გადაიხდიან“, – განაცხადა სერგეენკომ. 

პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს. პროგრამის გაფართოების მიზანია პენსიონერთა და შშმ პირთა დანახარჯები ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე განახევრდეს, ან მესამედი გახდეს.

პროგრამაში ჩაერთვება სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას.


260
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (181)