სახლს, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

© photo: National Library of Georgiaზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვიად გამსახურდია ამ სახლში 1993 წლის დეკემბერში სამოქალაქო ომის დროს იმყოფებოდა, სადაც გაურკვეველ ვითარებაში, 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლს, სადაც თავისი ცხოვრების ბოლო დღეები საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის  უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შენობა სოფელ ძველ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ის ორსართულიანია, ქვედა სართული ქვისაა, ზედა — ხის. წინა მხარეს აქვს აივანი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიდგმული აქვს ქვის კიბე. სახლის ფართობი 108 კვ. მეტრია, საკარმიდამო ნაკვეთისა — 12500.00 კვ. მეტრი. სახლი ძლიერ დაზიანებულია და მოითხოვს კაპიტალურ შეკეთებას.

ზვიად გამსახურდია ამ სახლში 1993 წლის დეკემბერში სამოქალაქო ომის დროს იმყოფებოდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი იქ გაურკვეველ ვითარებაში, 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა.  

იმდროინდელი კვლევების თანახმად, მან თავი მოიკლა. პირველი პრეზიდენტის ოჯახს გამსახურდიას თვითმკვლელობის არ სჯერა და მიაჩნია, რომ ის საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს.

1993 წელს ეს სახლი ძველი ხიბულას მკვიდრის, კარლო ღურწკაიას საკუთრებას წარმოადგენდა. 2015 წელს კი საზოგადოების ერთმა ჯგუფმა სახლ-კარი და საკარმიდამო ნაკვეთი შეისყიდა და ამჟამად იგი გაფორმებულია ნუგზარ შონიას სახელზე.

ნუგზარ შონია გამოთქვამს მზადყოფნას სახლ-კარი ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმის მოწყობის მიზნით სახელმწიფოს გადასცეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
კითხვები არ უნდა არსებობდეს - მარგველაშვილი გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ

ხიბულაში მდებარე ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2018 წლის 3 აგვისტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით მიენიჭა. 

 საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ — განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში. სწორედ, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.


ყველა ახალი ამბავი
0