კახა კალაძე

დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოფენო „ორანჟერეა" აშენდება

81
(განახლებულია 15:24 08.08.2018)
არსებული ინფორმაციით, „ორანჟერეა" საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. დიღმის ტყე-პარკში „კია მოტორსის" შენობის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი „ორანჟერეა" მოეწყობა, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე ერთ-ერთი მედია-საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, დიღომში, მიწის იმ ნაკვეთზე, სადაც ავტოტექმომსახურების ცენტრი „კია მოტორსი" მდებარეობს, მერია ზონის სტატუსის შეცვლას და მშენებლობის დაწყებას აპირებს. კალაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.

თბილისის მერმა სხდომაზე აღნიშნული ტერიტორიის 2009 და 2011 წლების ზონალური რუკები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიას, რომელზეც დღეს „კიას" ცენტრი მდებარეობს, 2011 წლიდან საზოგადოებრივი საქმიანობის ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„2011 წელს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა" იყო. „კიას" ცენტრი ამ მონაკვეთში მდებარეობს. ეს კომპანია „ანაგის" საკუთრებაა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შენობის ნაცვლად, იგივე მოცულობის, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა — საგამოფენო „ორანჟერეა" ააშენონ. პროექტი დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის, მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალებს ვაცნობებთ",- განაცხადა თბილისის მერმა.

არსებული ინფორმაციით, „ორანჟერეა" საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება.

კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობაა.

„სამწუხაროდ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია, გაყიდულია. ამიტომ, დავიწყეთ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, რათა მოხდეს ნაკვეთების გამოსყიდვა, ადგილმონაცვლეობა იმისთვის, რომ რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მწვანე სივრცეები შევქმნათ", — განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ ივნისის შუა რიცხვებში თავის მოადგილეს მაია ბითაძეს 12 დიდი პარკის სარემონტო სამუშაოების პროექტების მომზადება დაავალა. ამას გარდა, თბილისის მერია უახლოეს მომავალში დედაქალაქში ორი ახალი პარკის მოწყობას გეგმავს.

81
თემები:
თბილისის მერია (138)