Rosenbauer-ის სახანძრო მანქანები

საქართველოს საკუთარი წარმოების სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ექნება

145
(განახლებულია 17:26 06.08.2018)
საქართველოში აწყობილი მანქანები იქნება მულტიფუნქციური და სრულად მორგებული საქართველოს მოთხოვნებს, კერძოდ, ექნებათ რთულ რელიეფზე სიარულისა და მუშაობის შესაძლებლობა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის პირველი სამი ნიმუში  ბაზარზე 2018 წლის ბოლომდე გამოჩნდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურის უფროსის მიშა ფეიქრიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

აღნიშნულ ტექნიკას სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა" ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერთან" (Rosenbauer) თანამშრომლობით აწარმოებს, დამკვეთი კი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია. ძველი საბჭოური ტექნიკის ახლით ჩანაცვლების შესახებ შეთანხმება მიმდინარე წლის აპრილში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, გიორგი მღებრიშვილის ავსტრიაში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს საკუთარი წარმოების სახანძრო ავტოტექნიკა ექნება. ფეიქრიშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უცხოელ პარტნიორებთან ერთად ხუთწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც სახანძრო დეპოების ეტაპობრივ განახლებას გულისხმობს.

„ჩვენი ამბიციაა, რომ მომავალი წლების განმავლობაში, არცერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ იდგეს საბჭოთა წარმოების მანქანები. ეტაპობრივად, სრულად განვაახლებთ ავტოპარკს და პირველ რიგში ეს საქართველოს რეგიონებში მოხდება", – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოში აწყობილი მანქანები იქნება მულტიფუნქციური და სრულად მორგებული საქართველოს მოთხოვნებს, კერძოდ, ექნებათ რთულ რელიეფზე სიარულისა და მუშაობის შესაძლებლობა. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში საქართველოში წარმოებული სახანძრო მანქანებით რეგიონის ქვეყნების მომარაგება დაიწყოს.

Rosenbauer-ი  სახანძრო-სამაშველო ტექნიკას 150 წელია აწარმოებს და ამ სფეროში ლიდერია. კომპანიამ თავისი პროდუქცია ექსპორტზე პირველად 1920 წელს ჩინეთში გაიტანა. ამჟამად კომპანია ევროპის, აზიის 100-ზე მეტ ქვეყანასა და აშშ-შია წარმოდგენილი.

 

145