სამხედრო წვრთნა

„დასავლეთის ზღუდე 2018“ - სახმელეთო ჯარებში საინჟინრო სწავლება ჩატარდა

53
(განახლებულია 14:24 05.08.2018)
სიტუაციური წვრთნების კულმინაციური სწავლება ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩატარდა

თბილისი, 5 აგვისტო- Sputnik.  საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში საინჟინრო სწავლება „დასავლეთის ზღუდე 2018“ ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, წვრთნების მიზანი კომბინირებული მოქმედებებით ქვედანაყოფების სინქრონიზაციის ამაღლება, საბრძოლო ვითარებაში სამანევრო ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა და ოცეულის/ასეულის დონეზე საბრძოლო მომზადების დაგეგმვის წინაპირობის შექმნა იყო.  

სიტუაციური წვრთნების კულმინაციური სწავლება ხონში, VI საარტილერიო ბრიგადის პოლიგონზე ჩატარდა. 

„საჩვენებელი სწავლების ფარგლებში, ოპერაციათა თეატრში მანევრული თავდაცვა სიღრმეში და თავდაცვის ძირითად ხაზზე ყველა ხელთარსებული ძალებით მოწინააღმდეგის დამარცხება განხორციელდა. საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ასიმეტრიულ ბრძოლაზე გადასვლა, რათა მტრულ ძალებს სტრატეგიული მიზნის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცემოდა“, —ნათქვამია განცხადებაში.

სწავლების დასასრულს, ხუთი სამხედრო მოსამსახურე  უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა, ხოლო თერთმეტ სამხედროს საპატიო სიგელები გადაეცა და დასავლეთის სარდლის მადლობა გამოეცხადა.

კულმინაციურ სწავლებას სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელი პირები და ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.


53
თემები:
საქართველოს თავდაცვა (129)