წვეთოვანი

ვერტმფრენის ავარიულად დაშვების შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა

88
(განახლებულია 18:58 12.07.2018)
შემთხვევის დროს ბორტზე სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. კახეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების დროს დაშავებული ეკიპაჟის წევრებიდან ერთ-ერთს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა სოფელ ართანასთან დღეს დილით  მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენმა სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან" ავარიული დაშვება განახორციელა, რის შედეგადაც ვერტმფრენში მყოფი  ხუთი პირი დაშავდა. დაშავებულები თელავის კლინიკებში  გადაიყვანეს. 

ერთ-ერთ დაშავებულს, რომელი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დაზიანებები მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა.

„ჩატარდა ოპერაცია. დაზიანებული იყო ღვიძლის მეშვიდე და მერვე სეგმენტი.  მრავლობითი დაზიანება, შესაბამისად მოხდა ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპისთვის პაციენტი გამოყვანილია პოსტოპერაციულ განყოფილებაში და შესაბამისად ოპერაციის შემდგომი მკურნალობა მიმდინარეობს,“ – განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა.

ამავე კლინიკაში მოთავსებულია კიდევ ერთი დაშავებული, რომელსაც ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

სამი დაშავებული კი თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მათგან ერთ-ერთს ლავიწის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, დანარჩენი ორი კი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შემთხვევის დროს ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.  შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.


88
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1310)