ქართველი სამხედროები

ქართველი ჯარისკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

154
(განახლებულია 16:28 12.07.2018)
დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში რეგულარულად მონაწილეობენ.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. კაპრალმა თემურ დადიანმა პარამკლავჭიდში ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ბულგარეთში ჩატარდა, ქართველმა კაპრალმა ფინალურ შეხვედრაში თურქი მეტოქე დაამარცხა.

ასევე, მედლებით დაბრუნდნენ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან, სადაც ისინი რთულ რელიეფზე მარშირებაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, კაპრალმა ბესიკ გოგობერიშვილმა რთულ რელიეფზე 16 საათში 36, 5 მილი გაიარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, მაიორმა მურთაზ ოსეფაიშვილმა კი 22 მილი 11 საათში დაფარა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

რთულ რელიეფზე მარშირებაში ქართველ სამხედროებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტი წარმომადგენელი იყო ჩართული.

უწყების ცნობით, საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებულ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე შეხვდა და საპატიო სიგელები გადასცა. შეხვედრას სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებში რეგულარულად მონაწილეობენ.

 

154