სილამაზის სალონი

ბათუმის სილამაზის სალონების სანდოობის ხარისხი

119
(განახლებულია 15:57 12.07.2018)
სილამაზის სალონის რამდენჯერმე დაჯარიმების შემთხვევაშიც კი, მერიას დაწესებულების დახურვის უფლება არ აქვს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წელს ბათუმში შემოწმებული 42 სილამაზის სალონიდან 19 დააჯარიმეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი სალონებში გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზები, მათ შორის დეზინფექციისა და სტერილიზაციის წესების დარღვევა გახდა.

ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული, საიდანაც 42 სალონი ბათუმის მერიის გარემოსდაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის განყოფილებამ მიმდინარე წელს შეამოწმა. კონტროლი მთელი წლის განმავლობაში, შერჩევითი პრინციპით ხორციელდება.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სალონის მეპატრონეებს ეძლევათ გაფრთხილება და დარღვევების გამოსასწორებლად 20, ან 25 დღიანი ვადა. განმეორებითი შემოწმების შემდეგ, თუ დარღვევა ისევ დაფიქსირდა, სალონები დაჯარიმდებიან.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობისთვის ფიზიკური პირი ისჯება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი — 100 ლარით.

განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედებისთვის კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი — 500 ლარით.

სილამაზის სალონის რამდენჯერმე დაჯარიმების შემთხვევაშიც კი მერიას დაწესებულების დახურვის უფლება არ აქვს.

მონიტორინგი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მერია აღნიშნულ პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს.

 

119