ხორბალი

კახეთში ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შევიდა

58
(განახლებულია 15:32 09.07.2018)
ამ დროისთვის კახეთის რეგიონში უკვე აღებულია 11 ათას ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik.  კახეთის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა,  მოსავლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრი  ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში   გაეცნო,  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთის რეგიონში თავთავიანი  კულტურების კარგი მოსავალია.  ამ ეტაპისთვის  67 ათას ჰექტრამდე ნათეს ფართობზე, წინასწარი მონაცემებით, 230 ათას ტონა ხორბალს ელოდებიან. 19 ათას ჰექტარზეა დათესილი ქერი, რომლის საპროგნოზო მოსავალი 58 ათასი ტონას შეადგენს. 

„მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია. ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრისას. 

მოსავლის შეუფერხებლად აღების პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. კახეთის რეგიონში მობილიზებულია 103 ერთეული მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან, დედოფლისწყაროს სერვის–ცენტრში 49, ხოლო გურჯაანის სერვის–ცენტრში — 54 ერთეული. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია ბელარუსული წარმოების 30 ერთეული ახალი კომბაინიც, რომლებიც შპს „მექანიზატორმა“ 2018 წელს შეიძინა. 

„დიდია ფერმერების ინტერესი ტექნიკის შეძენაზე და ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მარცვლოვანი კულტურების  სექტორის განვითარებას, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ“, — აღნიშნა  ლევან დავითაშვილმა.

მეწარმეებისა  და ფერმერებისთვის  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა უფრო მარტივი 2018 წლის თებერვალში, სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატების შემდეგ  გახდა.

სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიან აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს — სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკის დასაფინანსებლად).

დღეისათვის, კახეთის რეგიონში  შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 11 ათას ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი. 

 

 

58
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (61)