ტექნიკური ინსპექტირების შემოწმება ავტომატიზებული იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის სათვალთვალო კამერა
პოლიციის სათვალთვალო კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს ტექდათვალიერების პროცესის შემოწმებას „ჭკვიან" ვიდეოკამერებს გადააბარებს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესის შემოწმების ავტომატიზაციაზე მუშაობს, განაცხადა უწყების ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ტექნიკური ინსპექტირება 1 ივლისიდან სავალდებულო გახდა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი მსუბუქი ავტომობილებისთვის.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აღსრულების ნაწილი საკმაოდ არაეფექტიანია, ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ ამ პროცესის მაქსიმალურად ავტომატიზებას, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული პროცესი უნდა მივაბათ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაზე… 2019 წლის დასაწყისიდან უკვე ყველა ავტომობილისთვის ხდება სავალდებულო ტექდათვალიერება. ეს დაახლოებით მილიონამდე სატრანსპორტო საშუალებაა", — განაცხადა ლილუაშვილმა.

საცობი თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძე ძველი ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს სისტემაზე, რომლის დროსაც „ჭკვიანი კამერები" შეამოწმებენ, ჩატარებულია თუ არა ტექდათვალიერება.

„წლის ბოლომდე დაახლოებით 1 200 ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დაახლოებით ორთვიან პერიოდში შესაძლებელი იქნება აღსრულების ნაწილი განხორციელდეს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით", — აღნიშნა ლილუაშვილმა.

პერიოდული სავალდებულო ინსპექტირება მინიმუმ რამდენიმე ელემენტს უნდა შეიცავდეს. მათ შორისაა: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება. ნორმების შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში მძღოლს პრობლემის გამოსასწორებლად გარკვეული ვადა მიეცემა.

ამჟამად საქართველოში 25 სერვის-ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებშიც მთლიანობაში ავტრომობილების შემოწმების 37 ხაზია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრები იმგვარად არის განაწილებული, რომ ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.

ავტოდიაგნოსტიკა - Sputnik საქართველო
მძღოლების საყურადღებოდ – რას შეამოწმებენ ავტომობილების ტექდათვალიერებისას

უახლოეს მომავალში რეგიონებში დაახლოებით 70 ხაზის დამატება იგეგმება, რაც გაზრდის მძღოლების მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სისწრაფეს.

ბევრ სერვის-ცენტრში უკვე არის თანამედროვე აღჭურვილობა, რაც ავტომობილების მძღოლების ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ის სერვის-ცენტრებიც, რომლებიც უწყების მოთხოვნებს არ შეესატყვისებიან, შესაბამისად აღიჭურვებიან.

ტექდათვალიერება წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს. ათვლა ავტომობილის რეგისტრაციის თვიდან დაიწყება, რომელიც მითითებულია მის ტექპასპორტში.

საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელთა წონა 3,5 ტონას ჭარბობს, ასევე ავტომობილებისთვის, რომელთაც რვა ან მეტი მგზავრის ადგილი აქვთ. 1 ოქტომბრიდან სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ), ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0