კალია

საქართველოს ორ რეგიონში იტალიურ კალიას ებრძვიან

48
(განახლებულია 17:19 12.06.2018)
მავნებლის გავრცელების გამოვლენის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო სისტემატურად ახორციელებს მონიტორინგს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და მარნეულის რაიონებში 1000 ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. ტერიტორიები სპეციალური ტექნიკით იწამლება.

აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა" ფარგლებში ხორციელდება.

„ბოლო წლებში სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადია. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის მიერ გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანება და, შესაბამისად, მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის ოდენობა", — განაცხადა სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა.

კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში 2015 წელს 33,4 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი დამუშავდა, 2016 წელს — 23,6 ათასი, ხოლო 2017 წელს — 15,1 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

მავნებლის გავრცელების გამოვლენის მიზნით სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი. ამასთან ერთად ყოველწლიურად ტარდება რეგიონული ტრანსსასაზღვრო კვლევები აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.

48
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (66)