ღვარცოფი თბილისში – დატბორილი ქუჩები, სავაჭრო ობიექტები და ავტომობილები

გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე პირადად აკვირდებოდა დედაქალაქში ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის პროცესს.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცხელ ხაზზე 153 შეტყობინება შევიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ყველაზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. გამოძახებები ასევე იყო დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან. უწყების ინფორმაციით, შემოსული ზარების უმეტესობა ფიქტიური აღმოჩნდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 13 ივნისს

ყველაზე მეტი ზარი გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან დაფიქსირდა, სადაც ნიაღვარმა მეტრო „ახმეტელის თეატრის" შესასვლელი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი დატბორა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე. მეხანძრე-მაშველები ტერიტორიაზე ჩარჩენილი ავტომობილების უსაფრთხო გაყვანას ცდილობდნენ.

ძლიერი წვიმის გამო შსს-მ ვერეს ხეობისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა>>>

დაიტბორა სავაჭრო ობიექტებიც. რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილებზე სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.

„კოკისპირულმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი ნორმალურადაა. ჩვენ უნივერსიტეტის ქუჩაზე ვიმყოფებოდით, სადაც სერიოზული დატბორვა მოხდა, დაზიანდა და, ფაქტობრივად, წყლით დაიტბორა ავტომობილები. ჩვენ მათი გამოყვანა შევძელით, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური. სერიოზული პრობლემები შეიქმნა ასევე გლდანში, მეტრო „ახმეტელთან". წყლის ამოტუმბვა განხორციელდა და ამ დროისთვის პრობლემა ყველგან აღმოფხვრილია", — განაცხადა კალაძემ.

ვარკეთილის რაიონში რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, თუმცა ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეფერხებები მოხსნილია.

ვაკეში, ამაშუკელის ქუჩაზე სავალი ნაწილი და ასევე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომი დაიტბორა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, სანიაღვრე არხი წყლის დიდი ნაკადის გამო ჩაიხერგა, რამაც გამოიწვია დატბორვა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და სამაშველო სამსახურები. მათ შენობისკენ მიმავალ წყალს მიმართულება შეუცვალეს, წყალი ამოტუმბეს და სანიაღვრე არხიც გაწმინდეს.

ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხვადაგიანი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნოდარ ტურძელაძე.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო მთელი ღამის განმავლობაში სრულად მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

ყველა ახალი ამბავი
0