ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

109
(განახლებულია 11:03 12.06.2018)
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ცხრა პირი, მათ შორის, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები — საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას დაკავებული პირები არ დასწრებიან, რადგან მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

რუსთაველის გამზირზე ოთხი პირი, მათ შორის, ზვიად კუპრავა დააკავეს>>>

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პარლამენტის შენობის წინ დღეს, დილით დააკავეს. 

გარდა ამისა, დღეს საქალაქო სასამართლოში ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც ზვიად კუპრავა თანმხლებ პირებთან ერთად სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. ამ დროს მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს.

კუპრავამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ დარბაზში სადილობის შემდეგ დაბრუნდებოდა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს და სასამართლო დარბაზში იძულებით აიყვანეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს“, — ნათქვამია შსს–ს მიერ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენი: კარვების დაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იყო>>>

გარდა ამისა, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები — საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს. შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სულ ცხრა პირი დააკავეს. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის ამ დროისთვის თავისუფალია.
ამის შემდეგ პოლიციამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვების დემონტაჟი განახორციელა, რომლებიც გუშინ, საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს.
ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.
109
თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – პროტესტის ტალღა თბილისში (114)