ნარიყალა

გაფრთხილება დამსაქმებლებს: როდის კრძალავს კანონი არასრულწლოვნის დასაქმებას

416
(განახლებულია 17:27 24.05.2018)
საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს არასრულწლოვნების შრომით ურთიერთობებს და ამასთან, განსაზღვრავს სამუშაო პირობებს

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოში მოქალაქეებს დასაქმება 16 წლის ასაკიდან შეუძლიათ, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც შრომით ურთიერთობებში უფრო მცირე ასაკის მოზარდები ებმებიან.

საქართველოში არასრულწლოვანთა შრომით ურთიერთობებს საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს, რომელშიც განსაზღვრულია, როგორი უნდა იყოს სამუშაო პირობები, სამუშაო საათების რაოდენობა, არის თუ არა რაიმე გამონაკლისები და აკრძალვები, რომლებიც მოზარდების შრომით საქმიანობას ეხება.

მიუხედავად იმისა, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა 16 წლიდან წარმოიშობა, 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის დასაქმებაც შეიძლება მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით.

თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი ერთხელ გასცემს თანხმობას კონკრეტულ სფეროში არასრულწლოვნის დასაქმების შესახებ, ეს თანხმობა ძალაში რჩება და შესაბამისად, ხელახალი გაცემა საჭირო არ არის მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.

გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სფეროები, სადაც არასრულწლოვნის დასაქმება აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში, ასაკის გაუთვალისწინებლად, თუნდაც მისი მშობლის თანხმობა არსებობდეს.

საქართველოს შრომის კანონის მიხედვით:

— აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად;

— ისეთი საქმიანობა, რომელიც მოზარდის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ზიანს აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

— შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად, რაც საფრთხეს შეუქმნის არასრულწლოვნის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ამასთან, შრომის კოდექსი ითვალისწინებს გამონაკლისებს სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.

14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.

დამსაქმებლებმა აგრეთვე უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე, აგრეთვე ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე).

ყოველივე ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს.

 

416
თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში -2018 (105)