თბილისში აზიური ფაროსანა ყველაზე მეტად სამ ტერიტორიაზეა გავრცელებული

გამოწერა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფომ 2018 წელს 49 მილიონი ლარი გამოყო

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით აზიური ფაროსანა ყველაზე მეტად 9 აპრილის (ყოფილი ალექსანდროვი) ბაღის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღისა და მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიებშია გავრცელებული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

იტალიელი სპეციალისტები საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაეხმარებიან>>>

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებია. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. გასული წლის ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

აზიური ფაროსანა - Sputnik საქართველო
ფაროსანას ბიოლოგიური მტრის გამოსავლენად ნახევარი მლნ ლარი დაიხარჯება

„თბილისში განთავსებული გვაქვს ფერომონები. ვერ ვიტყვით, რომ ყველა ბაღი, ყველა სკვერი და ყველა ტერიტორია აზიური ფაროსანის შემოსევით გამოირჩევა", — განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა.

სპეციალისტებმა საგანგებო ხაფანგები (ფერომონები) თბილისის ცენტრალურ უბნებში მიმდინარე წლის აპრილში დაამონტაჟეს. დედაქალაქში, ასევე მის შემოგარენში მონიტორინგის 250 სისტემა დამონტაჟდა. საგანგებო ხაფანგები მთელი ქვეყნის მასშტაბით მონტაჟდება.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით. არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.

საქართველოს მთავრობის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

ყველა ახალი ამბავი
0