საავადმყოფო

სამედიცინო მომსახურებები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აგინაზღაურებთ

870
(განახლებულია 15:23 18.05.2018)
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის განახლებული პროგრამა ქვეყნის ყველა მოქალაქის ინტერესებს ითვალისწინებს, თუმცა მოსახლეობამ ხშირ შემთხვევაში არ იცის, რომელი სამედიცინო მომსახურებები არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, ბავშვთა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირების სამედიცინო მომსახურებას სრულად ფარავს, დანარჩენი მოქალაქეების კი — ნაწილობრივ.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 მაისს შევიდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა — საყოველთაობა მიზნობრივი მიდგომით ჩანაცვლდა.

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება:

სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა (თვითმკურნალობა), საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები, სანატორიულ-კურორტული მკურნალობა, ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა, სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები, ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები, თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება, ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯები.

განახლებული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კონკრეტულად იმ კლინიკის არჩევის შესაძლებლობა, რომელშიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე პაციენტს გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღება სურს.

ამასთან, ზაფხულიდან მედიკამენტებს ყოველთვიურად უფასოდ მიიღებს საქართველოს მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორია — ეს დაახლოებით 600000 საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც სოციალურად დაუცველ ჯგუფებს განეკუთვნებიან, ან ქრონიკული დაავადებების მქონე მარტოხელა პენსიონერები არიან.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.

870
თემები:
სამედიცინო დაზღვევის წესები შეიძლება შეიცვალოს (8)