ვიდეოხიდი

აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი: საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი ტარდება

102
(განახლებულია 10:51 18.05.2018)
სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ როგორ ემზადებიან საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო ფესტივალისთვის

თბილისი, 17 მაისი  — Sputnik. ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Discover Silk Road Star — „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" 25 აგვისტო –1 სექტემბრის პერიოდში გაიმართება, რომელშიც 14 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსზე გამოვლენ ახალგაზრდა შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დიდი აბრეშუმის გზის მარშრუტის სხვა სახელმწიფოებიდან.

ღონისძიების პარტნიორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო  Sputnik–ი იქნება.   „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში ღონისძიების ქართველი ორგანიზატორებისა და ყაზახეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის წარმომადგენელი კონკურსანტების მონაწილეობით ვიდეოხიდი გაიმართა.

 „მალე ჩვენ ფესტივალ  „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის“ ფარგლებში შევხვდებით. ის 25 აგვისტოს აიღებს სტარტს და ჩვენ ყველა ბათუმში შევიკრიბებით. მადლობა თქვენ საქართველოსადმი თბილი დამოკიდებულებისთვის. მე ყველას გგულშემატკივრობთ, არ შემიძლია რომელიმე მონაწილის გამოყოფა. თითოეულ თქვენგანს მთელი გულით დაგიჭერთ მხარს“, – განაცხადა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ნინო შალამბერიძემ.

Организатор фестиваля Найти звезду Шелкового пути Нино Шаламберидзе
© Sputnik / Denis Aslanov
"აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის" ორგანიზატორი ნინო შალამბერიძე

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 26 აგვისტოს გაიმართება, რა დროსაც მონაწილეები მსოფლიო ჰიტებს შეასრულებენ. კონკურსის მომდევნო ეტაპზე – 28 აგვისტოს, კონკურსანტები საკუთარი ქვეყნის პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ. მაყურებელს ყველაზე საინტერესო ბოლო ეტაპზე ელოდება, როდესაც ახალგაზრდა მომღერლები კომპოზიციებს ქართულ ენაზე შეასრულებენ. როგორც ვიდეოხიდის დროს თავად მონაწილეებმა აღნიშნეს, მათთვის ყველაზე ამაღელვებელი ბოლო ეტაპია.

ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი ცნობილი ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანია, რომელიც ვიდეოხიდში იღებდა მონაწილეობას. 

„ჩემთვის ძალზე საინტერესო იქნება თქვენთან მუშაობა და მოუთმენლად ველოდები ფესტივალს. ბათუმში არამარტო ქართველი მაყურებელი, არამედ ტურისტებიც შეიკრიბებიან. ამ ღონისძიებით ჩვენ გვსურს ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში შეუძლიათ საერთაშორისო მასშტაბის სიმღერის კონკურსების ჩატარება“, – აღნიშნა ონიანმა.

Художественный руководитель фестиваля Найти звезду шелкового пути Лаша Ониани
© Sputnik / Denis Aslanov
"აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ონიანი

 

მისი სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების გამართვა გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ფესტივალი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ სხვებისგან იმით იქნება გამორჩეული, რომ მისი ორგანიზებით მსოფლიო მასშტაბის გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდია დაკავებული.

ფესტივალზე აზერბაიჯანს ახალგაზრდა ემილია იაკუბოვა წარადგენს, ყირგიზეთს აბაი სერიკოვი, ტაჯიკეთს დანიელ  რუსტამოვი და ყაზახეთს – რუსტემ ჟუგუნუსოვი.

„მე ძალიან  მინდა მალე ვნახო  საქართველოს ღირსშესანიშნაობები და გავიცნო პროექტის სხვა მონაწილეები. ამ დროისთვის გულმოდგინედ ვემზადები ფესტივალისთვის. მე უკვე შევარჩიე ორი სიმღერა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გადავწყვიტე, პროექტში რომელი სიმღერით გამოვალ. ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა იაკუბოვამ.

 

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსზე თუ ვინ წარადგენს საქართველოს, ჯერჯერობით, უცნობია. ასევე არ არის ცნობილი თურქეთისა და ჩინეთის წარმომადგენლების ვინაობა.

 „მონაწილის ვინაობა, რომელიც საქართველოს სახელით გამოვა, ჯერჯერობით, არ გარკვეულა. ჩვენ გვინდა, რომ ის მოსახლეობამ შეარჩიოს სახალხო ხმის მიცემის გზით. თვის ბოლოსთვის ჩვენს საიტზე ხუთი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და ნებისმიერს შეუძლია საკუთარ ფავორიტს დაუჭიროს მხარი, გამარჯვებული კონკურსზე გავა“, – განაცხადა შალამბერიძემ.

Презентация фестиваля Найти звезду шелкового пути
© Sputnik / Denis Aslanov
"აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" - ფესტივალის პრეზენტაცია

 „სიმღერის კონკურსის გამართვასთან ერთად ჩვენ გვინდა მონაწილეებს საქართველო გავაცნოთ – მოვუთხროთ ჩვენი კულტურის შესახებ, დავათვალიერებინოთ ულამაზესი კუთხეები. ამიტომ ჩვენ ექსკურსიები გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა ავთანდილ გვასალიამ.

ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდება და მომავალში არამარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ჩატარდება.

Пресс-центр Видеомост:  Презентация фестиваля Найти звезду шелкового пути
© Sputnik / Denis Aslanov
"აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი" - ფესტივალის პრეზენტაცია

„წელს ფესტივალში 14 ქვეყანა მონაწილეობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მონაწილეების რიცხვი ოცს მიაღწევს“, – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა თამარ აფციაურმა.

ფესტივალი „აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“ ბათუმის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.


102