ტრადიციული ოჯახური ფასეულობების მომხრეებმა ქალაქის ცენტრი დაიკავეს

მეუფე შიო: ოჯახურ ღირებულებებთან ბრძოლა ღმერთთან ბრძოლაა

113
(განახლებულია 20:32 17.05.2018)
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თანამოსაყდრემ საქართველოში ოჯახების დანგრევის სტატისტიკას საგანგაშო უწოდა.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მრევლს ამაღლების დღესასწაული და ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღე ქაშუეთის ეკლესიაში მიულოცა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღე მართლმადიდებელმა მრევლმა ვარდების მოედნიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობით აღნიშნა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანი“.

„როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან“, — განაცხადა მეუფე შიომ.  

მან  საქართველოში  ისეთი დღესასწაულის დაწესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როგორიცაა ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დაცვის დღე, რადგანაც ქვეყანაში ოჯახების დანგრევის ბევრი შემთხვევაა.

„ოჯახების დანგრევისა და დაშორების ფაქტების სტატისტიკა საგანგაშოა. სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა – ეს არის ოჯახური ცხოვრება“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსვლელობა თბილისის ცენტრში – ოჯახის დღეს ათასობით ადამიანი აღნიშნავს>>>

ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს დააწესა.

„ოჯახი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის საფუძველია და მოდით, შევთხოვოთ უფალს, რომ ჩვენი ოჯახები იყვნენ ბედნიერი“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში მრევლის დალოცვისას.

113
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (63)