თბილისში ოჯახის სიწმინდის დღეს მსვლელობით აღნიშნავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია თბილისში
საპროტესტო აქცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ხუთშაბათს ორი აქცია გაუქმდა - არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა თანასწორობისთვის", რომელიც ლგბტ საზოგადოების უფლებებს იცავს, და ნაციონალისტური ორგანიზაცია „ქართული მარშის".

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისში ოჯახის სიწმინდის დღე ვარდების მოედნიდან სამების ტაძრამდე მსვლელობით აღინიშნება, განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დავითიანნი" Facebook-გვერდზე.

მსვლელობა ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ 12:00 საათზე დაიწყება. სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს წირვას, დალოცავს ოჯახებს, მრევლსა და მთელ საქართველოს.

ქვეყნის შსს-მ გუშინ ავტომობილების მფლობელები გააფრთხილა, რომ აქციასთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში, კერძოდ, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და გადამკვეთ ქუჩებზე 09:30 საათიდან გზები გადაიკეტება.

დღეს, 17 მაისს ასევე აღინიშნება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციამ „მოძრაობა თანასწორობისთვის", რომელიც ლგბტ საზოგადოების უფლებებს იცავს, ხუთშაბათს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაგეგმილი აქცია გააუქმა.

ლგბტ-საზოგადოების აქტივისტები - Sputnik საქართველო
აქციები გაუქმებულია: ლგბტ-საზოგადოება თბილისის ქუჩებში აღარ გამოვა

„ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ-აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში", — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აქცია გააუქმა ნაციონალისტურმა ორგანიზაცია „ქართულმა მარშმაც", რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ამ ნაბიჯზე წავა იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნაზე უარს იტყვიან.

„საერთოდ არ მსურს ვიღაცებმა ისარგებლონ ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ხვალ დილიდან ჩვენ ვილოცებთ და შემდეგ შევუერთდებით საპატრიარქოს დაგეგმილ ღონისძიებებს, მივიღებთ მონაწილეობას მსვლელობაშიც. ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა და, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", – განაცხადა ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

დაპირისპირება ლგბტ-აქტივისტებსა და ნაციონალისტებს შორის 2013 წლის 17 მაისს დაიწყო, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედებების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30-მდე ადამიანი დაშავდა.

ყველა ახალი ამბავი
0