ლგბტ-საზოგადოების აქტივისტები

აქციები გაუქმებულია: ლგბტ-საზოგადოება თბილისის ქუჩებში აღარ გამოვა

189
(განახლებულია 09:39 17.05.2018)
ლგბტ-აქტივისტები და მათი მოწინააღმდეგეები „ქართული მარშიდან“ 17 მაისისთვის დაგეგმილ აქციებს აუქმებენ

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“, რომელიც ლგბტ-საზოგადოების უფლებებს იცავს, გააუქმა აქცია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხუთშაბათისთვის იყო დაგეგმილი, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

„თანასწორობის მოძრაობას“ ხუთშაბათს, 17 მაისს თბილისში უნდა აღენიშნა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამავე დღეს კონტრაქციის მოწყობას აპირებდნენ ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

„ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ-აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

მოსალოდნელია თუ არა საქართველოში კლუბური რევოლუცია >>

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იყონ დაკავებული ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრით, ლგბტ-საზოგადოებისგან შეგნებულად მტრის ხატს ქმნიან.

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია და სხვა პოლიტიკური ძალები ყოველდღიურ რეჟიმში ფიქრობდნენ და მუშაობდნენ ჩვენი, საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების: უმუშევრობის, სიღარიბის, განათლების სისტემის უფუნქციობის, ჰაერის მომაკვდინებელი დაბინძურებისა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სახეზე გვაქვს საზოგადოებაში მტრობის გაღვივების მუდმივი მცდელობა, რათა ყურადღების გადატანა მოხდეს რეალური პრობლემებიდან – არარსებულ მტრის ხატებზე“, — აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

ლგბტ-საზოგადოება მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული „ფაშისტური დაჯგუფებები“ ავიწროებენ მათ და ამისათვის მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

„მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების გაძლიერება სწორედ სახელმწიფოს გულგრილი და უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებაში არსებული ულტრამემარჯვენე, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ფორმირებაში, ასევე, დაინტერესდეს მათი პოლიტიკური მიზნებითა და დაფინანსების წყაროებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ აქცია გააუქმა ნაციონალისტურმა ორგანიზაციამ „ქართულმა მარშმაც“, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ამ ნაბიჯზე წავა იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლები ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნაზე უარს იტყვიან.

„საერთოდ არ მსურს ვიღაცებმა ისარგებლონ ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ხვალ დილიდან ჩვენ ვილოცებთ და შემდეგ შევუერთდებით საპატრიარქოს დაგეგმილ ღონისძიებებს, მივიღებთ მონაწილეობას მსვლელობაშიც. ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც საჭიროა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება”, – განაცხადა ორგანიზაციის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ხუთშაბათს საქართველოში ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღე აღინიშნება, რომელიც 2013 წლიდან დაარსდა, როდესაც ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედებების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30-მდე ადამიანი დაშავდა. 


189